GoFundMe-მ ფული დაუბრუნა ყველას, ვინც თაღლითობაში ბრალდებულ უსახლკაროს დაეხმარა

250

GoFundMe-მ ათასობით ადამიანს, ვინც უსახლკაროს გასულ წელს ჯამში 400 ათას დოლარზე მეტი შეწირა, თანხა დაუბრუნა. ინფორმაციას CNN ავრცელებს. გამოძიების მიხედვით, კეთილი ისტორია, რომლის მიხედვითაც უსახლკარო ქუჩაში დარჩენილ ქალს დაეხმარა, გამოგონილი აღმოჩნდა.

“ყველა დონორს, ვინც აღნიშნულ კამპანიაში ქველმოქმედების მიზნით ჩაერთო, თანხა დაუბრუნდა. GoFundMe თავის შემომწირველებს მუდამ დაიცავს”, – განაცხადა GoFundMe-ის წარმომადგენელმა.

კამპანიაში 14 ათასზე მეტი დონორი მონაწილეობდა.

თაღლითობის გეგმა

კეთილმა ისტორიამ, უსახლკაროს მიერ ღამით ქუჩაში დარჩენილი ქალისთვის დახარჯულ უკანასკნელ 20 დოლარზე, 2017 წლის ნოემბერში მსოფლიო ერთი მიზნისთვის გააერთიანა. თუმცა, ის გამოგონილი აღმოჩნდა.

On.ge-ს მკითხველს აუცილებლად ემახსოვრება ამბავი, რომლის მიხედვითაც გვიან ღამით კეიტ მაკლურის ნიუ-ჯერსის გზაზე მანქანა გაუჩერდა და უახლოეს ბენზინგასამართ სადგურამდე ფეხით რომ არ წასულიყო, იქვე მყოფმა უცნობმა უსახლკარომ მას მანქანაში დაბრუნება ურჩია და საწვავი თავისი ფულით მიუტანა.

მოგვიანებით, ქალმა და მისმა შეყვარებულმა, ვითომდა ჯონის ძველი ცხოვრების დაბრუნების მიზნით, GoFundMe-ზე კამპანია წამოიწყეს და მისთვის 402 706 დოლარი მოიძიეს.

ჯონი, კეიტ მაკლური, კეიტის შეყვარებული და მათი ძაღლი საშობაო მისალოც ბარათზე.ფოტო: Kate McClure

მათი ისტორია 2018 წლის აგვისტომდე აღარავის გახსენებია. იქამდე, სანამ კვლავ უსახლკაროდ ქცეულმა ჯონი ბობიტმა წყვილს, კეიტ მაკლურისა და მის შეყვარებულს, მარკ დამიკოს არ უჩივლა.

“მე ისევ ქუჩაში გამოვედი სამათხოვროდ, ისევ უსახლკარო ვარ და არც ფული გამაჩნია. თავდაპირველად, მათი სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე მდგარ მანქანაში ვცხოვრობდი, მათ მე გაფუჭებული მანქანა მომცეს”, – ამბობდა ქუჩაში დაბრუნებული ბობიტი და ირწმუნებოდა, რომ მისთვის შეგროვებული ფული წყვილმა პირადი მიზნებისთვის გამოიყენა.

როგორც BBC ნიუ-ჯერსის პროკურატურაზე დაყრდნობით ნოემბერში წერდა, 20 დოლარის ისტორია თავიდან ბოლომდე გამოგონილი აღმოჩნდა და ბობიტი წყვილს კამპანიის განთავსებამდე თვეებით ადრე იცნობდა. თაღლითობა — ამ მუხლით აქვს სამივე მათგანს ბრალი წაყენებული.

ბარლინგტონის პროკურატურის განცხადებით, კეიტს საწვავი არ გამოლევია და უსახლკარო მას 20 დოლარით არ დახმარებია. ამის ნაცვლად, სამივე მათგანი კეთილი და შთამაგონებელი ისტორიის მოფიქრებაზე მუშაობდა.

ზაფხულის ბოლოს დაწყებული გამოძიების შედეგად, სამართალდამცავებმა დამიკოსა და ბობიტს შორის გაგზავნილი 60 ათასზე მეტი მესიჯი წაიკითხეს და პროკურატურის ცნობით, ასე გახსნეს თაღლითური სქემა. წყვილი პოლიციამ 14 ნოემბერს დააპატიმრა და გირაოთი გამოუშვა, ხოლო ბობიტი ფილადელფიაში დააპატიმრეს და მისი გადაყვანა ნიუ-ჯერსიში იგეგმება.

მარცხნიდან მარჯვნივ: ბობიტი, მაკლური და დამიკო.

GoFundMe, რომელმაც აგვისტოში უსახლკარო ბობიტს 20 000 დოლარი საქმის გამოსაძიებლად მისცა, აცხადებს, რომ ყველა შემომწირველს თანხას დაუბრუნებს. კომპანიის განცხადებით, ისინი გამოძიებასთან თანამშრომლობენ, რომ წყვილის მიერ დახარჯული თითოეული დოლარი დაიბრუნონ.