„Air Okriba“ – ანუ ქართულად ფრენის თავისებურებანი

257

„Air Okriba“ – ანუ ქართულად ფრენის თავისებურებანი:

უკვე შევეჩვიეთ, რომ ქუთაისის აეროპორტი საქართველოს გარე სამყაროსთან კავშირის მთავარ „კარიბჭედ“ იქცა. დღეს მხვდა წილად, მეც მესარგებლა “წილხვედრიდან” ამ ახალი „გასასვლელით“ და მომინდა გამეზიარებინა თქვენთვის ჩემი შთაბეჭდილებები. პირველი და ძირითადი მათ შორის არის ის, რომ უბრალოდ არ გიჩნდება საჰაერო ტრანსპორტით მგზავრობის შთაბეჭდილება. დაივიწყეთ, ყველა ის ემოცია, რომელიც თქვენს წარმოდგენაში ფრენასთან ასოცირდება. არა, აქ სულ სხვა განცდა გეუფლებათ. ქვეცნობიერად გრძნობ, რომ ეს ყველაფერი სადღაც სხვაგან ნაგემი გაქვს, მაგრამ პასუხი მოგვიანებით მოდის. თავიდან ამისთვის ვერ იცლი, პირველ რიგში ხომ გზა უნდა გაიკვალო, თანაც პირდაპირი მნიშვნელობით.

ყველაფერი იწყება ჯიხურის ტიპის შენობით, რომელზეც გაცილებით დიდი რესტორნები გვეგულება «ცაფირუზხმელეთში». არადა, ქუთაისის აეროპორტი უკვე იმდენად პოპულარული გახდა, რომ ის ბუკვალურად გადაჭედილია ხალხით. გვერდით მშენებარე ტერმინალის „ჩონჩხი“ დგას, მაგრამ მშენებლობას პულსი არ ეზომება. თუმცა, ინფრასტრუქტურის სიმდორე თავისთავად ვერაფერს გახდებოდა, მას რომ ანტროპოლოგიური ფაქტორით არ მივშველებოდით. მოგეხსენებათ, სადაც ორზე მეტი ქართველი დადგება, იქ ქაოსი და ქრონიკული გაწამაწია ისადგურებს. 

რეგისტრაციაზე მდგომი, რიგი თავისი დრამატიზმით დაცემის დროინდელი სოხუმის ნავსადგურს ჰგავს. თვითმფრინავი ჯერ არ ჩამოფრენილა, მომავალი მგზავრები კი ჯგროდ ახტებიან ერთმანეთს თავებზე. გეგონება მათ მტრის ზურგში დარჩენა ემუქრებოდეთ. ასვლამდე, ყველას ცხრაასჩვიტმეტჯერ აფრთხილებენ თუ, რომელი კარიდან უნდა ავიდეს ესა თუ ის მგზავრი ბორტზე. ამის მიუხედავად პასაჟირთა მესამედი ურევს კარებს. თავად სალონში სრული ჯოჯოხეთია. საჯდომთა ნუმერაციას ზოგი საერთოდ არ ცნობს. 

– ჩემი ძმა, ცოლშვილთან ვარ და ძმურად გამიცვალე ადგილი, ჩემი სალონის ბოლოშია. 

ძალაუნებურად გერიდება ცივად უარის თქმა, მას ხომ მცირეწლოვანი ბავშვი ახლავს. თანხმდები და მორჩილად მიეშურები ახალი ადგილისკენ. რათქმაუნდა ის უკვე დაკავებული გხვდება. ვინაიდან ამ ახალი ადგილის კუთვნილების არანაირ საბუთს არ ფლობ, იძულებული ხარ მოძრაობის საპირისპიროდ, ხალხით გაჭედილი დერეფნით, გაბრუნდე უკან. სიტუაციით ინტერესდება უნგრელი სტუარდესა, რომლის თვალებში ისედაც იკითხება გაოგნება „აბორიგენთა“ ძირძველი წესჩვეულებებით. ცდილობ აუხსნა მას რა შარში, ხარ და მოყოლისას გრძნობ თუ როგორ უმყარებ ამ მონაყოლით მის ნეგატიურ წარმოდგენას საკუთარი ერისადმი. ბრაზდები, რომ გაიძულეს ამ მარაზმის ნაწილი გამხდარიყავი. სტუარდესა ცდილობს აუხსნას მზრუნველ «ოჯახის თავს», რომ ასე არ შეიძლება, რომ ის თავისი ქმედებით აფერხებს „ბორდინგს“ და რომ ჩვენ ფული იმისთვის გადავიხადეთ, რომ ერთად ვიჯდეთ, მაგრამ ამაოდ. 

იწყება აფრენა, და უკვე ცხვირ-აწეულ თვითფრინავში სამ ბიძას უნდებათ ადგილების გაცვლა. – «ფანჯარასთან დამსვით თქვეჩემისებო!». გვერდით ქალბატონს ახსენდება, რომ „დუბლიონკაში“ ცხელა და ფეხზე ამდგარი იწყებს გახდას. უკვე ქამრით „მიჯაჭვული“ სტუარდესა სასოწარკვეთილად ცდილობს თავისი ადგილიდან, შეძახილებით დასვას სივრცეში თავისუფლად მოძრავი გურჯები. რა აზრი აქვს მათდამი ინგლისურად ყვირილს, ამათ ხომ ქართულიც არ ესმით?! 

ბუნებრივია, ეს გნიასი არ სრულდება მთელი ფრენის მანძილზე. დაუმთავრებელი ხეტიალი რიგებს შორის, ნაცნობებისა და ახლობლების მონახულება. თავზე დადგომა და გაუთავებელი ლაქლაქი. 

– გაიგე ახალი ამბავი?! გიულის გოგო ეზიარა ამას წინ. ხო ჩემს მამაოსთან, შენც ხომ იცნობ, ხომ მაგარი საკალელი მოძღვარია?
– აუ შობაზე რა მივეცით, დღემდე თავი მისკდება.
– რომ ჩავალ აუცილებლად გავალ იმ აუთლეტში, წინაზე ვეღარ მივაღწიე იქამდე. 

და რაც მთავარია, ნახევარი სალონი ფეხზე დგას და ისე მგზავრობს! ჩემს გვერდით ერთმა ქალბატონმა თავისი საჯდომით ფაქტიურად დამიფარა ჰორიზონტი. კიდევ კარგი მოწევა აკრძალულია!!! წარმოიდგინეთ იგივე კოშმარი, ოღონდ კვამლში გახვეული.

დაფრენის შემდეგ ცირკი გრძელდება. მორჩებიან თუ არა პირჯვრების წერას გადარჩენით ბედნიერი გურჯები უმალვე ხტებიან საკუთარი სავარძლებიდან და იწყებენ ჩაცმას. საწყალი პილოტი ცდილობს ყველა ნაცნობ ენაზე აუხსნას მათ, რომ დასხდნენ თავიანთ ადგილებზე მანამ თვითმფრინავი არ გაჩერდება საბოლოოდ. მისი ბუნებრივია არავის არ ესმის. გურჯებს ხელბარგის ჩამოთრევა ეჩქარებათ. გეგონება თვითმფრინავიდან ჩასვლას მხოლოდ მათვის სადმე ცალკე ცნობილი კარიდან გეგმავენ. 

ეხლა მესმის აღნიშნული რატომ არ მხვდებოდა ასე თვალებში თბილისიდან ფრენისას. არ გეგონოთ, რომ “გოროდსკოი” და “პროვინციელ” მგზავრთა ტრადიციებს შორის რამე სხვაობა იყოს. არა საზოგადოება ერთია. უბრალოდ თბილისიდან ძირითადში ღამითაა ფრენები და რაც მთავარია იქ კვება ფასში შედის. შესაბამისად ერი დაკავებულია თავისი ორი უსაყვარლესი საქმიანობით – ჭამს და სძინავს. ამის ხარჯზე იქმნება მეტი დისციპლინურეობის მატყუარა ილუზია. 

სადღაც შუა რეისში როგორც იქნა იხსენებ, თუ სად გაქვს ეს ყველაფერი უკვე ნანახი. რათქმაუნდა – სოფლის ავტობუსში. ხელი აწიეთ, რამდენს გივლიათ სტუდენტური ალპინიადისას, ან ჯგუფელის მოსანახულებლად რაიონში წასულებს ნარინჯისფერი „პაზიკებით“, სადაც ბარგი გაზის ბალონებთან ერთად სახურავზე მაგრდებოდა, სალონის ბოლოში კი გალიებში მჯდომ ქათმების გვერდით თხას ან ციკანს აბავდნენ ხოლმე!? გაიხსენეთ? 

ხოდა მანდ ვართ ისევ. კვლავ იმ „პაზიკში“ ვზივართ მთელი “ბრძენი ერითურთ”. მართალია „პაზიკს“ აწი ფრთებიც „გაუზრდია“ და სოფლის მაგივრად ევროპისკენ აუღია გეზი, მაგრამ შიგნით ხომ მაინც თხებია! ევროპა კი არა, და ვარსკლავთშორისი ფრენისას ქართველები ისევ თავის საყვარელ „პაზიკში“ დავრჩებით. ზოგი, რამ ამ ქვეყნად მუდმივია.

Claus bremer