5 ნატურალური ნიღაბი სახის კანისთვის

361

სახის კანის მარტივად და სწორად მოვლა ძვირად ღირებული კოსმეტიკის გარეშეც შესაძლებელია!

მაშ ასე, დავიწყოთ სახის კანის სწორად მოვლა. დღეს გასწავლით ნატურალური ნიღბის რამდენიმე რეცეპტს, რომლებიც ეფექტურობით ზოგიერთ ძვირად ღირებულ კოსმეტიკურ საშუალებასაც სჯობს:

რძის პროდუქტების ნიღაბი

ამ ნიღაბს გამაახალგაზრდავებელი ეფექტი აქვს. გაითვალისწინეთ, რომ რძის პროდუქტების ნიღბის მოსამზადებლად მაღაზიაში შეძენილი პროდუქტები არ გამოგადგებათ. სასურველია, მოიძიოთ ნამდვილად ნატურალური რძის პროდუქტები. შეიზილეთ სახეზე არაჟანი, იოგურტი ან რძე 10-15 წუთით, შემდეგ კი ცივი წყლით ჩამოიბანეთ. მნიშვნელოვანი რჩევა: მოერიდეთ რძის პროდუქტების წასმას თვალების გარშემო.


ცილოვანი ნიღაბი

ცხიმიანი კანი და გაფართოებული ფორები გაქვთ? ამ შემთხვევაში ცილოვანი ნიღაბი თქვენი კანისთვის შესანიშნავი საშუალებაა, რომელიც ამცირებს ფორების ზომებს და იცავს კანს გარეფაქტორების მავნე ზემოქმედებისგან. მისი მომზადება უმარტივესია. აიღეთ 2 კვერცხი, გააცალკევეთ გული და ცილა, დააბლენდერეთ კვერცხის ცილა, სანამ ერთგვაროვან ქაფიან მასას არ მიიღებთ. დაიდეთ ნიღაბი სახეზე და გაიჩერეთ, სანამ სრულად არ შეშრება, დაახლოებით, ნახევარი საათით. შემდეგ კი ჩამოიბანეთ.

ლიმონის ნიღაბი

ლიმონის ნიღაბი კარგად ჭიმავს ფორებს და სისუფთავის შეგრძნებას შეგმატებთ. ლიმონის ნიღაბი შეგიძლიათ, ნებისმიერი ტიპის კანისთვის გამოიყენოთ. დაჭერით ლიმონი მრგვალ ნაჭრებად და გაიწმინდეთ სახე, უბრალოდ, მოერიდეთ თვალის გარშემო ლიმონის წვენის მოხვედრას. დაიტოვეთ ლიმონის წვენი სახეზე, დაახლოებით, ნახევარი საათით, შემდეგ კი თბილი წყლით ჩამოიბანეთ. ასევე, შეგიძლიათ, ლიმონის წვენი თასში ჩაწუროთ, გადაურიოთ ცოტაოდენი წყალი. ამგვარად მიიღებთ სახის ტონიკს, რომლის დახმარებითაც შეგიძლიათ, სახის კანი დილა-საღამოს გაიწმინდოთ.

ნარინჯისფერი ნიღაბი

შესანიშნავი საშუალებაა მათთვის, ვისაც აკნესთან დაკავშირებული პრობლემები აწუხებს. დაგჭირდებათ ფორთოხლის წვენი და 8 ჩაის კოვზი პურის ფქვილი. გადაურიეთ ეს ორი პროდუქტი ერთმანეთში, მიღებული მასა შეიზილეთ სახის კანზე, გაიჩერეთ 20 წუთი, ხოლო შემდეგ თბილი წყლით ჩამოიბანეთ. შედეგად მიიღებთ ნაზ და სუფთა კანს.

შაქრის ნიღაბი

აიღეთ თეთრი ან ყავისფერი შაქარი – ნებისმიერი მათგანი შესანიშნავი საშუალებაა სახის საფარისა და ფორების გასაწმენდად. დაგჭირდებათ: 2 ჩაის კოვზი შაქარი და 3 ჩაის კოვზი წყალი. გადაურიეთ ერთმანეთში და ხელების ნაზი მოძრაობით შეიზილეთ სახეზე. გაიჩერეთ ნახევარი საათი და ჩამოიბანეთ თბილი წყლით.