19 წლის მეეზოვე: ,,ზოგი ცუდად მექცევა, რაღაცებს მომაძახებენ ხოლმე”

116

19 წლის ქრისტინა თოფურია სამედიცინოზე სწავლობს. მესამე კურსის სტუდენტია. გადაწყვეტილი აქვს, ექიმი გამოვიდეს. საკუთარი მიზნების მისაღწევად სხვა თანატოლი სტუდენტებივით მზად არის, დილით, 7 საათიდან ქალაქის სისუფთავეზე იზრუნოს.

– ჩემი მშობლები აფხაზეთში ცხოვრობენ. მე და ჩემი და თბილისში ქირით ვართ. და იურიდიული ფაკულტეტის მეორე კურსის სტუდენტია. მშობლებს არ ჰქონდათ საშუალება, ბინის ფული რომ გადაეხადათ და ამიტომ გადავწყვიტე მუშაობის დაწყება. მინდოდა, საკუთარი თავი თვითონ მერჩინა. მერიაში
დავწერე განცხადება და ერთი თვის შემდეგ დამიკავშირდნენ. პირობები იყო ჩემთვის მოსახერხებელი. ოთხი საათი მიწევს დილით მუშაობა და ლექციებზე სიარულს ასე ვახერხებ. თან ხელფასიც ნორმალურია, იმის მიუხედავად, რომ ზუსტად ნახევარს ბინის ქირაში ვიხდი. 400 ლარია და დილის 7 საათიდან 11 საათამდე ვმუშაობ. ეზოების და ქუჩების მოწესრიგება და დასუფთავება მევალება. თითქმის 6 თვეა, აქ ვარ.
-აფასებს ხალხი შენ მიერ გაწეულ შრომას?
-ზოგიერთი იმდენად თბილ დამოკიდებულებას ამჟღავნებს, რომ მე თვითონ მიკვირს. არიან ისეთებიც, რომლებიც ცუდად მექცევიან. მომაძახებენ ხოლმე რაღაცებს… პირველ დღეს, როცა დავიწყე მუშაობა, ერთმა ქალბატონმა მომაძახა, რომ ტყუილად მიხდიან ხელფასს და არაფრის გამკეთებელი ვარ, რამაც ძალიან მატკინა გული. ისე ხმამაღლა ამბობდა, რომ უნდოდა, გამეგო. მართლა ძალიან ბევრს ვშრომობ და გულს მტკენს ასეთი დამოკიდებულება.