10 საახალწლო სურვილი, რომელსაც საქართველო სანტას მისწერდა

386

ახალი წელი ნამდვლად მაგიური დღესასწაულია, რადგან ეს ზუსტად ის პერიოდია, როდესაც ჩვენ ირგვლივ ყველა ბედნიერია.

ოცნებები ხომ სწორედ ამ დღეს ისხამს ხორცს და ვინ იცის, იქნებ ეკონომიკის 2-ციფრიანი ზრდის, ევროკავშირის თუ ნატოს წევრობის სურვილი საქართველოსთვისაც ძალიან მალე რეალობად იქცეს.

დიახ, სანამ სანუკვარი მომენტი დადგება და ჩვენი ინდივიდუალური ოცნებების ასრულების იმედით ფერად ქაღალდებში გახვეულ საჩუქრებს გავხსნიდეთ, გადავწყვიტე, რომ თქვენი ყურადღება იმ 10 საახალწლო და ამავდროულად, ძალიან მნიშვნელოვან სურვილზე გამემახვილებინა, რომელსაც საქართველო სანტას მისწერდა.

1. დოლარის დაბალი კურსი

ფოტო: Turgay Mutlay

წლებია, რაც ლარის დოლართან მიმართებაში გაუფასურება საქართველოს ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა. მსგავსი ტენდენცია კი ქვეყანაში საკვები პროდუქტების, საწვავის და სხვა სერვისების გაძვირებას უწყობს ხელს.

სწორედ ამიტომ, ჩვენი ქვეყნისთვის დოლარის დაბალი კურსი ნამდვილად საუკეთესო საახალწლო საჩუქარი იქნებოდა.

2. ბევრი ხე დედაქალაქში

ფოტო: Depositphotos

ვფიქრობ, საქართველოს ჯანსაღი ცხოვრების წესი მოუხდებოდა, ამიტომ, სანტასთვის ბეევრი ხის თხოვნა არ უნდა დაავიწყდეს.

ამდენი მშენებლობებისა და დაბინძურებული ჰაერის ფონზე, გამწვანება ხომ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.

3. გამართული საზოგადოებრივი ტრანსპორტი ყველა ქალაქში

ფოტო: Dailymotion

მიუხედავად იმისა, რომ თბილისს უკვე ჰყავს თანამედროვე და კომფორტული ავტობუსები, საქართველოს სხვა ქალაქებში ვითარება ამ კუთხით მაინც დრამატულად ცუდია.

სწორედ ამიტომ, დარწმუნებული ვარ, რომ ყველა ქალაქში გამართული საზოგადოებრივი ტრანსპორტი, საქართველოს 2019 წლის ერთ-ერთი მთავარი სურვილი იქნებოდა.

4. ეკონომიკის 2-ციფრიანი ზრდა

ფოტო: steemit

ჩვენი მიზანი რომ სწრაფად ასრულდეს და საქართველოში ცხოვრების დონე ევროპულ სტანდარტს გაუთანაბრდეს, ალბათ დამეთანხმებით, რომ ეკონომიკის 2-ციფრიანი ზრდაა საჭირო.

სანტას მაგიური ფორმულა კი რომელსაც მთელ მსოფლიოში საჩუქრების დროულად დასარიგებლად იყენებს, ამ მიზნის მიღწევაში ნამდვილად გამოგვადგებოდა.

5. საქართველოს შესახებ გადაღებული ფილმი ჰოლივუდში

ფოტო: giphy

საქართველო თავისი ისტორიით, კულტურითა და ბუნებით ერთ-ერთი გამორჩეული ქვეყანაა და ის ნამდვილად იმსახურებს, რომ მსოფლიოში მეტად იცნობდნენ და აფასებდნენ.

ამიტომ, ნუ გაგიკვირდებათ, თუ სხვა მნიშვნელოვან სურვილებთან ერთად, საქართველომ სანტას მის შესახებ ჰოლივუდური ფილმის გადაღება სთხოვოს.

6. ევროკავშირის წევრობა

ფოტო: migrateworld

საქართველოსა და ევროკავშირის მეგობრობის ისტორია 1992 წლიდან იწყება. მთელი ამ დროის განმავლობაში კი, ქვეყანა დემოკრატიულ რეფორმებს ატარებს და ორგანიზაციაში წევრობისკენ მიისწრაფვის.

მიუხედავად იმისა, რომ საქართველომ უკვე მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწია [ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულება + უვიზო რეჟიმი], ევროკავშირის წევრობა დღემდე ერთ-ერთ მთავარ ნატვრად რჩება.

7. ტრამვაი

ფოტო: W-wa Jeziorki

მჭიდროდ დასახლებულ ქალაქისთვის, როგორიცაა თბილისი, ტრამვაი უსაფრთხო, კომფორტულ და რაც მთავარია, ხელმისაწვდომ საზოგადოებრივ ტრანსპორტად შეიძლება განვიხილოთ.

მართალია, 2006 წლის 4 დეკემბერს დედაქალაქის ტრამვაის სისტემა გაუქმდა, თუმცა, დღეს ის თბილისს ჰაერივით სჭირდება!

8. ნატოში გაწევრიანება

ჩრდილოატლანტიკური ალიანსისა საქართველოს ურთიერთობაც 1992 წლიდან იწყება და მიუხედავად იმისა, რომ ჯერ მაპიც (გაწევრიანების სამოქმედო გეგმა) არ გვაქვს, სამხედრო ალიანსთან თანამშრომლობის გასაღრმავებლად, უამრავი წარმატებული ნაბიჯი გადაიდგა — 2008 წლის ბუქარესტის სამიტის დეკლარაციაში ჩაიწერა, რომ საქართველო აუცილებლად გახდება ნატოს წევრი.

იმედია, საქართველოს დიდი ხნის ოცნებას სანტა მაინც აუსრულებს და ნატოს სრულფასოვან წევრობაში დაეხმარება.

9. დეცენტრალიზაცია

ფოტო: NewsBTC

საქართველოს ძალიან სურს, რომ 2019 წელს უფრო დეცენტრალიზებული გახდეს და მისი თითოეული რეგიონი თუ ქალაქი, თანაბრად განვითარებული, წარმატებული ქვეყნის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი იყოს.

რა თქმა უნდა, სანტამ და თავისმა ელფებმაც კარგად იციან, რომ ძალა ერთობაშია და საქართველოს ამ საახალწლო სურვილსაც აუცილებლად შეუსრულებენ.

10. ნავთობის დიდი მარაგი

ფოტო: giphy

კიდევ რა შეიძლება ინატროს ძლიერმა, დეცენტრალიზებულმა და განვითარებულმა საქართველომ, რომელიც უკვე ნატოსა და ევროკავშირის ღირსეული წევრიც იქნება? რა თქმა უნდა, ნავთობის დიდი მარაგი, რომელიც ჩვენს ქვეყანას კიდევ უფრო სწრაფ და მტკიცე ეკონომიკურ კეთილდღეობას მოუტანდა.