10 მიზეზი, რის გამოც აუცილებლად უნდა ეწვიოთ ბრაზილიას

87

რაზილია სამბას, ფეხბურთის, თვალუწვდენელი მწვანე ტყეების, სიცოცხლით სავსე ქალაქებისა და “ხელუხლებლად შემონახული” პლაჟების ქვეყანაა. ეგზოტიკური და იდუმალებით მოცული ტროპიკული ადგილები ფოტოებიდანაც შთამბეჭდავია, მაგრამ არც ერთ ფოტოს არ შეუძლია გადმოსცეს მზის მცხუნვარება, ბრაზილიელი ხალხის უდარდელობა და იქაური კოქტეილების გემო. ასე რომ, თუ თბილისის სიცივეებმაც ვერ მოგანდომეს სადმე თბილ ადგილას დასვენება, მაშინ წაიკითხეთ 10 მიზეზი, რის გამოც აუცილებლად უნდა ეწვიოთ ბრაზილიას.

1. იგუასუს ჩანჩქერები

ფოტო: Shutterstock / Tory Kallman

იგუასუ დიდ წყალს ნიშნავს და ყველაზე შესაფერისი სახელია ამ მშვენიერებისთვის. ჩანჩქერების კომპლექსი მდინარე იგუასუზე, არგენტინისა და ბრაზილიის საზღვარზე მდებარეობს. 4 კილომეტრის სიგრძის კლდიდან 275 ინდივიდუალური ჩანჩქერი ეშვება. წყლის ხმა კი კილომეტრებით დაშორებულ ადგილებშიც ისმის.

2. რიოს კარნავალი

ფოტო: lostininternet.com

რიოს კარნავალი 1723 წლიდან იმართება და ყველაზე დიდი კარნავალია მსოფლიოში. ექსტრავაგანტულ კოსტიუმებში გამოწყობილი სამბას მოცეკვავეები დღეების განმავლობაში ეჯიბრებიან ერთმანეთს. შეუდარებელი შოუს, ულამაზესი მოცეკვავეებისა და თავბრუდამხვევი რიტმის გამო ყოველწლიურად უამრავი ადამიანი ჩადის რიოში. 2011 წელს კარნავალს 4,9 მილიონი ადამიანი დაესწრო, რომელთაგან ნახევარი მილიონი ტურისტი იყო.

3. ტრადიციული ბრაზილიური ლანჩი

ფოტო: Shutterstock / Cabeca de Marmore

ყველა ბრაზილიელმა იცის, რომ ლანჩი დღის უმნიშვნელოვანესი ნაწილია. მას, როგორც წესი, 12 საათზე მიირთმევენ და საკმაოდ მოზრდილი ულუფებითაც. ტრადიციული ლანჩი ხორცისგან, ლობიოსგან, ბრინჯისგან და კარტოფილისგან შედგება. თითქოს მარტივი ინგრედიენტებია, მაგრამ ამ კომბინაციას დიდი ხნის განმავლობაში ვერ ამოიგდებთ თავიდან. ბრაზილიელები თქვენს რეაქციასაც გულწრფელად დაელოდებიან. მათ არაფერი ენანებათ ტურისტებისთვის, ასე რომ, თქვენც ნუ დაინანებთ ღიმილს.

4. ქრისტეს ქანდაკება

ფოტო: Shutterstock / Marchello74

ადგილი, სადაც ქრისტეც ხელგაშლილი გეგებებათ – ქრისტეს ქანდაკება რიო დე ჟანეიროში, კორკოვადოს მთის წვერზე, ზღვის დონიდან 700 მეტრის სიმაღლეზე დგას და მთელ ქალაქს გადაჰყურებს. მისი სიმაღლე 39,6 მეტრია. თუ მონახულებას გადაწყვეტთ, წინასწარ დაიკავეთ სტრატეგიული ადგილი არაჩვეულებრივი სელფისთვის

5. ბრაზილიური ფეხბურთი

ფოტო: Buzzfeed

გეგონათ, ფეხბურთი დაგვავიწყდებოდა? როგორ შეიძლება, ბრაზილია ახსენო და ფეხბურთი – არა. მარაკანას სტადიონი 1950 წლის მსოფლიო ჩემპიონატისთვის გაიხსნა და ამჟამად 85 000 გულშემატკივარს იტევს. ამ სტადიონს უამრავი არაჩვეულებრივი გოლი უნახავს და ფეხბურთის ლეგენდებს შესწრებია. ბრაზილიაში ფეხბურთი მხოლოდ სპორტი არაა. ფეხბურთი აქ ეროვნული სიამაყეა. გაფრთხილება: არ გაბედოთ იმის თქმა, რომ მარადონა პელეს ჯობია.

6. ყველაზე ლამაზი პლაჟები

ფოტო: Shutterstock / Catarina Belova

ბრაზილიას მსოფლიოს ყველაზე დიდი პლაჟი ეკუთვნის. პრაია დო კასინო 250 კილომეტრია სიგრძეში, თუმცა ჩვენ მაინც იპანემას პლაჟზე გასეირნებას გირჩევთ. იპანემა Travel Channel-მა მსოფლიოს ყველაზე სექსუალურ პლაჟად დაასახელა. აქ ყოველთვის თამაშობენ ფეხბურთს ან ფრენბურთს, გაგრილება კი ლუდით ან ტრადიციული სასმელით, კაშასათი შეგიძლიათ. წყლის ფერი ღია ცისფერიდან მუქ მწვანემდე მერყეობს.

7. საოცარი არქიტექტურა

ფოტო: Grazia.fr

ბრაზილიაში აუცილებლად უნდა იხილოთ ოსკარ ნიმეიერის, ერთ-ერთი გამორჩეული მოდერნისტი არქიტექტორის ნამუშევრები. დედამიწის სამხრეთ ნახევარსფეროში ოსკარ ნიმეიერი იყო პირველი, რომელმაც შემოიტანა ახალი კონცეფციები არქიტექტურაში. ჩაზნექილი და ამოზნექილი გუმბათები ბრაზილიის ეროვნული კონგრესის შენობაზე, სვეტები ალვორადასა და პლანალტოს სასახლეებზე – ოსკარ ნიმეიერის სტილი დედაქალაქ ბრაზილიაში ყველგან იგრძნობა.

8. ეკომრავალფეროვნება

ფოტო: Shutterstock / Jo Crebbin

ბრაზილიის ტერიტორიის თითქმის ნახევარი დაფარულია ტყეებით, სადაც საინტერესო ცხოველები და ფრინველები ბინადრობენ. თუ გაგიმართლათ, ტუკანსა და ბრაზილიურ შველსაც მოკრავთ თვალს. რაც მთავარია, მდინარე ამაზონის აუზის დიდი ნაწილი სწორედ ბრაზილიაში მდებარეობს. ამ სანახაობის გამოტოვება არ შეიძლება.

7. მხიარული ბრაზილიელები

ფოტო: Pinterest.com

ბრაზილიაში ბედნიერება ხასიათის თვისებაა. ადამიანები თბილად და მეგობრულად გხვდებიან. აღსანიშნავია მათი ტოლერანტულობაც. აქ ყველა რასის, რეგიონისა თუ რელიგიის ხალხს შეხვდებით. ბრაზილელები ძალიან სოციალურები არიან და ჯგუფურად მოლხენა მათი საყვარელი გასართობია. შეგიძლიათ თამამად მიმართოთ დახმარების თხოვნითაც. ზედ გადაგყვებიან.

8. ცოცხალი მუსიკა ყველა კუთხეში

ფოტო: Shutterstock / Donatas Dabravolskas

სადაც არ უნდა წახვიდეთ, ყველგან დაგხვდებათ რიტმული ცოცხალი მუსიკა. ბრაზილიელები ყველგან ცეკვავენ და მღერიან. თავი მიუზიკლში გეგონებათ, მაგრამ დიდი შანსია, ეს ყველაფერი მოგეწონოთ. იცოდით, რომ ეს სიმღერა, რომელიც 2 წლის წინ მთელ მსოფლიოს აეკვიატა, ბრაზილიურია? Nosa, nosa.. Assim voce me mata. Ai se eu te pego, ai ai se eu te pego (აღიარეთ, თქვენც ხომ წაიმღერეთ?)

9. ლენსოის-მარანეინსისის ეროვნული პარკი

ფოტო: Ridalv/Ridalv

აქაურობის მოსანახულებლად საუკეთესო დრო ივლისსა და სექტემბერს შორისაა. სწორედ ამ დროს იწყება წვიმის სეზონი და ქვიშის თეთრ დიუნებს შორის წვიმის წყალი გროვდება. შედეგად წარმოიქმნება ლურჯი, მწვანე და შავი ლაგუნები, რომლებიც უდაბნოს მსგავსი ქვიშითაა გარშემორტყმული. ადგილობრივი ხალხური თქმულებების თანახმად, რეგიონი კაეტეს ინდიელებით იყო დასახლებული, რომლებმაც ერთ დღესაც გაიღვიძეს და აღმოაჩინეს, რომ მათი ქალაქი ქვიშით დაფარულიყო.

10. არქიპელაგი

ფოტო: nok6716

21 კუნძულისგან შემდგარი არქიპელაგი ერნანდუ-დი-ნორონია ატლანტიკურ ოკეანეში მდებარეობს. გარდა იმისა, რომ საოცარი ხედებით დატკბებით, შეგიძლიათ ღრმად ჩაყვინთოთ და წყალქვეშა სამყაროს დააკვირდეთ. მთავარი კუნძულის ფართობი 18,4 კმ²–ია; მოსახლეობა კი სულ რაღაც 3 108 ადამიანს შეადგენს.