10 მიზეზი, თუ რატომ უნდა ვეწვიოთ სალონიკს

208

საბერძნეთი თავისი ანტიკური წარსულით ყველა მოგზაურისთვის სასურველი დანიშნულების ადგილია. მით უმეტეს, რომ საბერძნეთის ყველა ქალაქი უამრავ საიდუმლოს მალავს, რაც ღმერთების ქვეყანაში ფეხის ჩადგმისთანავე იგრძნობა.

საბერძნეთზე საუბრის დროს ძირითადი აქცენტი მის დედაქალაქზე კეთდება და ჩვენმა მკითხველმაც უკვე იცის, რა შეიძლება ნახოს ათენში.

ოლიმპოს მთა, ეგეოსისა და იონიის ზღვა, კრეტა, დოდეკანესი, კუნძულები, კიკლადი და სხვა განსაცვიფრებელი ადგილები იქით იყოს და, დღეს საბერძნეთის სიდიდით მეორე და არანაკლებ მიმზიდველ ქალაქ – სალონიკზე მოგიყვებით, რომელიც იქ ჩასულ ტურისტს კულტურული თუ გასტრონომიული კუთხით შთამბეჭდავ სანახაობას სთავაზობს.

მოსანახულებელი ადგილების სია საკმაოდ მრავალფეროვანია, თუმცა ჩვენ შევეცადეთ, მათგან მხოლოდ ათი ამოგვერჩია.

1. რომაული როტონდა

ფოტო: Reis Griekenland

როტონდა სალონიკში ჩასული ტურისტებისთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ადგილია. შენობა იმპერატორ გალერეის დროს აშენდა და მავზოლეუმის ფუნქცია უნდა ჰქონოდა. მოგვიანებით ის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიად გადაკეთდა – ხოლო თურქების ბატონობის დროს მეჩეთი იყო. დღეს რომაული როტონდა მუზეუმად ფუნქციონირებს, სადაც ტურისტებს საშუალება აქვთ დატკბნენ უნიკალური მოზაიკებითა და იშვიათი ფრესკებით.

2. თეთრი კოშკი

ფოტო: Pam DMC

თეთრი კოშკი სალონიკის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი არქიტექტურული ძეგლია. დღეს აქ ბიზანტიის მუზეუმია განთავსებული. თავდაპირველად კოშკი თურქების მიერ აშენდა, როგორც თავდაცვითი ნაგებობა. 1912 წლის რეკონსტრუქციის შემდეგ კი საბერძნეთის მფლობელობაში გადავიდა და ქალაქის სიმბოლო გახდა.

3. არისტოტელეს მოედანი

ფოტო: Pam DMC

სალონიკის ერთ-ერთ ღირსშესანიშნაობას ბერძენი ფილოსოფოსის, არისტოტელეს მოედანი წარმოადგენს. ახლანდელი სახე მოედანმა 1917 წლის ხანძრის შემდეგ მიიღო. მოედანზე არისტოტელეს ქანდაკება დგას, ადგილობრივ მოსახლეობას კი სჯერა, რომ თუ არისტოტელეს ცერა თითს შეეხებიან, სურვილი აუცილებლად აუსრულდებათ.

4. არქეოლოგიური მუზეუმი

ფოტო: Pam DMC

სალონიკის არქეოლოგიური მუზეუმი ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი მუზეუმია არა მხოლოდ საბერძნეთში, არამედ მთელს მსოფლიოში. მუზეუმში წარმოდგენილია ნეოლიტის, რკინის, არქაული, კლასიკური და რომაული ეპოქის არქეოლოგიური ძეგლები. შესაბამისად, თუ გსურთ საბერძნეთის ჭეშმარიტი ანტიკურობა შეიგრძნოთ და დროში იმოგზაუროთ, ეს ადგილი ამისთვის ზედგამოჭრილია.

5. სალონიკის ტრიუმფალური თაღი

ფოტო: Polyplan Reizen

სალონიკელები თვლიან, რომ თუ ქალაქიდან ტურისტი ისე წავა, რომ ეს თაღი არ ნახა, ესე იგი, საბერძნეთის მთელი სიდიადე ვერ შეუგრძვნია. საუკუნეების წინ, სწორედ ამ თაღის ქვემოთ გადიოდა გზა, ეგნატია, რომელიც რომში მიდიოდა.

6. ანო პოლი

ფოტო: Polyplan Reizen

ანო პოლი, იგივე ზედა ქალაქი, სალონიკის ყველაზე მშვიდი ადგილია. თუ განტვირთვა გსურთ, სწორედ აქაურობას უნდა ესტუმროთ, გაისეირნოთ ვიწრო ქუჩებში, იყიდოთ სუვენირები და დატკბეთ სალონიკის პანორამული ხედებით.

7. ბიზანტიური კედელი

ფოტო: PrevNext

ბიზანტიური კედელი ქალაქის ერთ-ერთი უძველესი კულტურული ღირსშესანიშნაობაა. ამჟამად აქ მუზეუმი მდებარეობს, სადაც ნებისმიერ მსურველს შეუძლია ნახოს IV-V საუკუნის ფრესკები, დაათვალიეროს უძველესი ნივთები და ასე შემდეგ. გარდა ამისა, საშუალება გექნებათ გაიაროთ დღემდე შემორჩენილ ანტიკურ ქუჩებში, სადაც საუკუნეების წინ იმპერატორები სეირნობდნენ.

8. რომაული აგორა

ფოტო: PrevNext

რომაული აგორა ქალაქის ეკონომიკურ, სავაჭრო და საზოგადოებრივ ცენტრს წარმოადგენდა მეხუთე საუკუნეში. აქ განთავსებული იყო საჯარო შენობები, ოდეონის კონსერვატორია, აბანოები, მაღაზიები და გალერეები. მართალია, აქ დღეს მხოლოდ ნანგრევებია, თუმცა აქაურობის დათვალიერების შემდეგ, შთაბეჭდილებები ძალიან დიდხანს გაგყვებათ.

9. ნავარინუს მოედანი

ფოტო: PrevNext

ნავარინუს მოედანი სწორედ ის ადგილია, სადაც საუკუნეების წინ იმპერატორ გალერეის სასახლე იდგა. დღეს აქ მხოლოდ რამდენიმე ფრაგმენტია დარჩენილი, თუმცა სამაგიეროდ მოედანზე შეგიძლიათ უგემრიელესი ბერძნული კრეპები მიირთვათ. დიდი ალბათობით, საიმპერატორო ოჯახი სწორედ აქ მართავდა ნადიმს.

10. ქოლგები

ფოტო: Kalimera Thessaloniki

შეიძლება ითქვას, რომ გიორგიოს ზოგოლოპულოსის ქოლგები ანტიკური სალონიკის იმ იშვიათობას წარმოადგენს, როდესაც თანამედროვე არტმა ტურისტების ძალიან დიდი ნაკადის მიზიდვა შეძლო. ეგეოსის ზღვის ნაპირზე, ცაში აზიდული ქოლგები, ნებისმიერ ტურისტს მონუსხულს დატოვებს.

თუ ამ ჩამონათვალის მერე სალონიკში გაფრენაზე დაფიქრდით, გაიხსენეთ, რომ ბილეთები ძალიან იაფია და ყოყმანიც არ ღირს. ქუთაისიდან Wizz Air-ით სალონიკში 9,99 ევროდ გადაფრინდებით