10 მარტივი რამ, რისი შეხსენებაც ზედმეტი არასდროსაა

145

უმეტესად, ზრდასრული ადამიანები საკუთარი თავის გამამხნევებლები თავადვე ვართ. ეს ლოგიკურიცაა — საკუთარ თავზე ზრუნვა თავადვე გვევალება და არავინაა ვალდებული, რომ დღე შეგვიმსუბუქოს. ყველა სხვა ადამიანს ხომ საკუთარ თავზეც აქვს საზრუნავი?

თუმცა არის მარტივი ფრაზები, რომელთა მოსმენაც ყველაზე ძლიერ ადამიანსაც კი სასიამოვნო შეგრძნებას დაუტოვებს და თან შეახსენებს, რომ მათზე ზრუნავენ და ამ სამყაროში მარტონი არ არიან.

მაგალითად, მეგობრულად ნათქვამი “ძალიან ყოჩაღი ხარ” ერთ-ერთი იმ ფრაზათაგანია, რომელთა მოსმენაც რთული დღის შემდეგ ყველას გვესიამოვნება.

დარწმუნებულნი ვართ, რომ რთულ სიტუაციებს თავადაც გაუმკლავდებით, მაგრამ ზამთრის სუსხიან და საქმიან დღეს გადავწყვიტეთ შეგახსენოთ ის მარტივი რამეები, რომელთა თქმაც საკუთარი თავისთვის დაგავიწყდათ.

1. წყალი დალიე

საქმეში ჩაფლულებს ხშირად გვავიწყდება, რომ ჩვენი სხეულის 65% წყლისგან შედგება. ასე რომ, საკუთარი თავისთვის ამ მაცოცხლებელი მინერალის მოკლება არც ისე სასარგებლოა. მოიდგი კომპიუტერთან წყალი ჭიქით ან სულაც ბოთლით და თუ დღის ბოლომდე 1,2 ლიტრ წყალს დალევ, ჩათვალე რომ დღის განმავლობაში ერთ ამოცანას თავი იდეალურად გაართვი.

2. თვალები დაასვენე

ჩვენი ცხოვრებიდან ინტერნეტს ვერ გავაქრობთ, თუმცა არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ხანდახან ტექნოლოგიებისგან შესვენება სასარგებლოა, როგორც შენი თვალებისთვის, ისე ფსიქიკური ჯანმრთელობისთვის.

ყოველ საათში 5 ან 10 წუთიანი პაუზით და გავლა-გამოვლით თვალებსაც დაასვენებ და ვირტუალურ სამყაროში ჩაკარგული ერთ ადგილზეც არ იჯდები.

3. ნორმალურია, თუ უხასიათოდ ხარ

არ დაგავიწყდეს, რომ არავის მიმართ ხარ ვალდებული 24/7-ზე ბედნიერი ღიმილი გქონდეს სახეზე გადაჭიმული. კი, ნორმალურია, თუ თავს უხასიათოდ გრძნობ, მაგრამ სულ ასე ყოფნა არაფერში გჭირდება.

და თუ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული კითხვები გაწუხებს, თვითდიაგნოსტიკით თავი არ დაიტანჯო და ყველაფრის გარკვევა პროფესიონალს ანდე.

4. შეცდომები მოსულა

შეცდომების დაშვების არ შეგეშინდეს. არც ახლა და არც მერე. ჩვენ ხომ ადამიანები ვართ და სამყაროში ყველა შესაძლო სიტუაციას წინასწარ ვერ განვსაზღვრავთ? თან, როგორი კლიშეც არ უნდა იყოს, შეცდომები ზრდაში გვეხმარება. ასე რომ, შენი თავის კრიტიკაში დიდი დრო არ დახარჯო — ეს ყველაფერი დიდი პროცესის ნაწილია.

5. ღრმად ამოისუნთქე

იცოდი, რომ არსებობს სუნთქვის თერაპიები, რომლითაც სტრესს ამცირებენ? ღრმად ჩასუნთქვა და ამოსუნთქვისთვის სპეციალური მწვრთნელი სულ არ გჭირდება.

6. შეწყვიტე ბოდიშების მოხდა

შეწყვიტე შენი თავის დადანაშაულება იმ მოვლენების გამო, რომელიც მხოლოდ შენ არ აკონტროლებდი და დაიმახსოვრე, რომ თავაზიანობა მხოლოდ სხვების კი არა, საკუთარი თავის მიმართაც უნდა გამოიჩინო.

7. ტირილი სისუსტის ნიშანი არაა

მინეაპოლისის სამედიცინო ცენტრის მიხედვით, ცრემლები სტრესის ჰორმონებს ამცირებს. თუმცა ეს ყველაფერი არაა — კვლევების მიხედვით, ტირილი სხეულს ენდორფინების შექმნაში ეხმარება. ენდორფინები კი კარგი ჰორმონებია.

8. საკუთარი თავის პირველ ადგილზე დაყენება ცუდ ადამიანად არ გაქცევს

თუ მეგობრების ან სხვა გარშემომყოფების “იმედებს” ვერ გაამართლებ და იმას გააკეთებ, რასაც თავად გადაწყვეტ, ეს ავტომატურად ცუდ ადამიანად არ გაქცევს. არ დაგავიწყდეს, რომ ნამდვილი მეგობრები შენს არჩევანს პატივს სცემენ.

9. გამოიჩინე ყურადღება სხვების მიმართ

გამონახე დრო იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც ძალიან გიყვარს და არ დაგავიწყდეს, რომ 2-წუთიანი ზარიც ხშირად საკმარისზე მეტია.

10. ნელი პროგრესიც პროგრესია

დღეს თუ ყველაფერი ვერ მოასწარი, არ ნიშნავს, რომ არაფერი გაგიკეთებია. დღე მარტივი მიზნებით დაიწყე და არ დაგავიწყდეს, რომ სულ პატარამ, სიარულს დაწყებამდე დიდი გზა გაიარე. საკუთარი თავი პატარა მიღწევების გამო დააჯილდოვე და გახსოვდეს, რომ თუ რაღაცისკენ მთელ გონებასა და ყურადღებას მიმართავ, ყველაფერი გამოგივა.