10 ანტიგმირი, რომელიც მაყურებელს მაინც ძალიან უყვარს

139

უცნაურია, მაგრამ ფაქტია, რომ ხანდახან მაყურებლის ყველაზე დიდ სიმპათიას სწორედ უარყოფითი პერსონაჟები იმსახურებენ. ისინი ცუდი თვისებებით გამოირჩევიან, არიან ეგოისტები, ხარბები, მოძალადეები და ამორალურები, თუმცა ამ ყოველივესთან ერთად აქვთ განუმეორებელი ქარიზმა და ხშირად, სერიალის ყურების პროცესში აღმოვაჩენთ, რომ მათ ვგულშემატკივრობთ!

მაშ ასე, გავიხსენოთ 10 ყველაზე საძაგელი ანტიგმირი ტელევიზიიდან, რომელიც მაყურებელს, ყველაფრის მიუხედავად, ძალიან უყვარს:

1. ანელიზ კიტინგი – როგორ ავიცილოთ სასჯელი მკვლელობის შემთხვევაში

არავინ დაობს იმაზე, რომ ანელიზი თავისი საქმის პროფესიონალია! დიახ, ის შესანიშნავი იურისტია, თუმცა კიდევ რა შეიძლება ითქვას მასზე?

ის გაქნილი მატყუარაა, რომანი აქვს ცოლიან კაცთან, ქმარს ღალატობს, მკვლელობის დაფარვა მისთვის პრობლემას არ წარმოადგენს და საკუთარი უსაფრთხოებისათვის საყვარელს ციხეშიც კი თვალისდაუხამხამებლად ისტუმრებს!

მიუხედავად იმისა, რომ ანელიზი ამდენი უარყოფითი თვისებითაა შემკული, მაინც ვერ ვიტყვით, რომ ბოროტი ადამიანია. ვფიქრობთ, სწორედ ეს იწვევს მაყურებლის სიმპათიას.

2. დექსტერ მორგანი – დექსტერი

მიუხედავად იმისა, რომ ის სერიული მკვლელია, რთულია, დექსტერს პირდაპირ უარყოფითი პერსონაჟის სტატუსი მიანიჭო – ბოლოს და ბოლოს, ის ხომ მხოლოდ “ცუდ ადამიანებს” კლავს?

რა თქმა უნდა, დექსტერი ნამდვილი მოძალადეა, რომელსაც სოციოპათისათვის მკვეთრად დამახასიათებელი თვისებები აქვს, თუმცა, ამავდროულად, მისი ბავშვური ქცევები და მომხიბვლელობა მაყურებელში დიდ სიმპათიას იწვევს, რაც მას საბოლოო ჯამში, პროტაგონისტად აქცევს!

3. ფრენკ ანდერვუდი – ბანქოს სახლი

თავიდანვე უნდა მივმხვდარიყავით, თუ ვისთან გვქონდა საქმე – ადამიანისაგან, რომელიც ძაღლს შეუბრალებლად კლავს, კარგს რას უნდა ველოდეთ?

ის სასურველი მიზნის მისაღწევად ყველაფერზე მიდის და ერთადერთი ადამიანი, ვინც ანაღვლებს, ისევ და ისევ საკუთარი თავია. მან არაერთი ადამიანის ცხოვრება დაანგრია და ორი მათგანის სიცოცხლე იმსხვერპლა კიდეც. ამის მიუხედავად, მაყურებელი ფრენკს მაინც გულშემატკივრობს! ალბათ, იმიტომ, რომ ის ყოველთვის პირდაპირ გვესაუბრება და შესაძლებლობას გვაძლევს, თავადაც განვიცადოთ გზა, რომელსაც იგი გადის…

4. ჰანიბალ ლექტერი – ჰანიბალი

კაცი, რომელიც ადამიანებს კლავს და მათ ორგანოებს სადილად მიირთმევს, რა თქმა უნდა, საზარელია! მაგრამ მისი მოხერხებულობა მაყურებელს მის მიმართ პატივისცემის გრძნობას უღვივებს – ჰანიბალი ძალიან ჭკვიანია და ყოველთვის, როდესაც გვგონია, რომ დაპატიმრებას ვეღარ გადაურჩება, გამოსავალს აუცილებლად პოულობს.

მიუხედავად იმისა, რომ მის ბოროტებაში ეჭვი არავის გვეპარება, რატომღაც მაინც გვინდა, რომ გადარჩეს – იქნებ ამის მიზეზი შოუა, რომელიც მის გარეშე, რა თქმა უნდა, ვერ იარსებებდა!

5. ჯეიმი ლანისტერი – სამეფო კარის თამაშები

პირველივე ეპიზოდში, მან ბავშვს ხელი კრა და ფანჯრიდან გადააგდო – ამის შემდეგ, ნუთუ კიდევ შესაძლებელია, რომ მის მიმართ სიმპათია გაგვიჩნდეს?

მილიონობით მაყურებელი ამტკიცებს, რომ ეს სრულებით შესაძლებელია – ჯეიმი ერთ-ერთი ყველაზე რთული და კომპლექსური პერსონაჟია, რომელიც ზოგჯერ საზიზღად იქცევა და ადამიანებს გულს ტკენს, მეორე მომენტში კი ვიღაცას უანგაროდ ეხმარება… რა თქმა უნდა, რთულია მას გმირი უწოდო ან კარგი ადამიანის სტატუსი მიანიჭო, თუმცა გულის სიღრმეში მის მიმართ სიმპათია აუცილებლად გაგიჩნდება!

6. ჯექს თელერი – ანარქიის შვილები

სერიალის მიმდინარეობისას, ჯექსმა უამრავი დანაშაული ჩაიდინა – ის იარაღითა და ნარკოტიკით ვაჭრობაში იყო ჩართული, უამრავი ადამიანი მოკლა, თანაც სასტიკად… მართალია, სურდა, რომ ბაიკერების კლუბში კრიმინალის დონე შეემცირებინა, თუმცა აქამდე მისასვლელად თავად სისხლიანი და ბინძური გზა გაიარა.

დროთა განმავლობაში, მაყურებელმა უკეთ გაიცნო ის და აღმოაჩინა, რომ არც ისე ცუდი ადამიანი იყო… უფრო მეტიც, მას ბევრი დადებითი თვისებაც კი ჰქონდა, რაც ჩვენს სიმპათიასა და სიყვარულს იწვევდა.

7. ჯესიკა ლანჟის პერსონაჟები – ამერიკული საშინელებათა ისტორია

სერიალის თითქმის ყველა სეზონში ჯესიკამ არაჩვეულებრივად განასახიერა სხვადასხვა პერსონაჟი ქალი, რომელთაც ერთი საერთო აქვთ – ყველანი შეშლილები არიან!

რთული სათქმელია, მსახიობის დამსახურებაა თუ სცენარის, მაგრამ ფაქტია, რომ კონსტანს ლანგდონი, და ჯუდი, ფიონა გუდი და ელზა მარსი, უამრავი სიბინძურისა და ბოროტების მიუხედავად, მაყურებლისათვის ყველაზე საინტერესო და დასამახსოვრებელი ანტიგმირები აღმოჩნდნენ!

8. კლაუს მიკაელსონი – ორიგინალები

მაყურებელს ის ჯერ კიდევ ვამპირის დღიურებიდან შეუყვარდა და სწორედ ამიტომ, კლაუსმა საკუთარი შოუც დაიმსახურა!

თითები არ გვეყოფა მისი უარყოფითი თვისებების ჩამოსათვლელად, მაგრამ მაცდური გარეგნობისა და ქარიზმატული ბუნების გამო ყველაფერს ვპატიობთ… ან, თითქმის ყველაფერს!

9. რაგნარ ლოთბროკი – ვიკინგები

როგორც ნამდვილ ვიკინგს შეეფერება, რაგნარიც შორს დგას კლასიკური გმირის პროტოტიპისგან – ის ეგოისტი, მოძალადე, ამორალური და სასტიკია…

თუმცა, შოუს მაყურებელი ცივი, ლურჯი თვალების მიღმა მაინც ხედავს ადამიანურ თვისებებს, რაც თუნდაც ათელსტანის მიმართ დამოკიდებულებაში გამოიხატება. რაგნარი მას ისეთი სიკეთითა და პატივისცემით ეპყრობა, რომ ჩვენც ვივიწყებთ მის ცოდვებს და ვიკინგების გულშემატკივრები ვხდებით!

10. უოლტერ უაითი – მძიმე დანაშაული

რა თქმა უნდა, თანავუგრძნობთ ქიმიის ღარიბ მასწავლებელს, რომელიც აღმოაჩენს, რომ სიმსივნე აქვს… თუმცა, დასკვნებს ძალიან ნაჩქარევადაც ნუ გავაკეთებთ! ეს დაბნეული, მოსაწყენი კაცი სერიალის მიმდინარეობისას სრულ ტრანსფორმაციას განიცდის და სასტიკ მატყუარად ყალიბდება, რომელიც ნარკობარონი ხდება!

ჰაიზენბერგი უამრავ ბინძურ საქმეს სჩადის და თუ თავიდან ეს ყოველივე ოჯახის დასახმარებლად წამოიწყო, შემდეგ უკვე მხოლოდ საკუთარ სიამოვნებაზე ფიქრობს. ამის მიუხედავად, მაყურებელი მაინც ბოლომდე გულშემატკივრობს მას და ინტერესით ადევნებს თვალს უოლტერ უაითის ხიფათებითა და ინტრიგით სავსე ცხოვრებას!