ქვეყნები, რომლებიც შობას წელიწადში ორჯერ აღნიშნავენ

220

ზრდასრულ ადამიანებს შობა პატარებზე ნაკლებად არ უყვართ — დღე, როცა საჩუქარს ყველა ველოდებით. “შობა ხომ წელიწადში ერთხელ დგება”, – ამბობენ ისინი და საყვარელი ადამიანისთვის საშობაო საჩუქრებს გულმოდგინებით არჩევენ.

თუმცა არიან ქვეყნები, რომლებიც ასე არ ფიქრობენ: “რატომ უნდა იზეიმო მხოლოდ 25 დეკემბერს, როცა შეგიძლია, რომ შობა 7 იანვარსაც აღნიშნო?”

2017 წელს, უკრაინა გახდა მეხუთე ქვეყანა, რომელმაც 25 დეკემბერი ოფიციალურად აღიარა მეორე დღესასწაულად და დასვენების დღედ. მანამდე უკრაინა, სხვა მართლმადიდებლურ ქვეყნებთან ერთად, შობას ტრადიციულად 7 იანვარს აღნიშნავდა.

შობას 25 დეკემბერს და 7 იანვარს ოფიციალურად კიდევ ოთხი ქვეყანა აღნიშნავს, ესენია ბელარუსი, ერიტრეა, ლიბანი და მოლდოვა.

1582 წელს, რომის პაპმა გრეგორი XIII-მ დაამტკიცა იულიუსის კალენდრის რეფორმა, რომელიც ქრისტეს შობამდე 45 წლით თარიღდებოდა. ბევრი ევროპული ქვეყანა ძალიან მალე გადაეწყო ახალ კალენდარზე, სხვებს კი საუკუნეები დასჭირდათ.

მაგალითად – რუსეთი, რომელმაც გრეგორიანული კალენდარი მხოლოდ 1918 წელს მიიღო, საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შემდეგ. მაგრამ, რუსული, სერბული და ქართული ორთოდოქსული ეკლესიები იულიუსის კალენდარზე “გაიჭედნენ”, რომლის მიხედვითაც შობა 13 დღით აგვიანებს.

ათეისტური საბჭოთა კავშირი შობას დღესასწაულად არ აღიარებდა, თუმცა მისი დაშლის შემდეგ, მასში შემავალმა ქვეყნებმა გადაწყვიტეს თარიღი აერჩიათ.

ბელარუსმა 1991 წელს დამოუკიდებლობა მოიპოვა და ამ წელსვე გადაწყვიტა, რომ საჯარო დღესასწაულად ორივე დღე ეღიარებინა.

მოლდოვამ თავდაპირველად ორთოდოქსული თარიღი, 7 იანვარი, აირჩია, თუმცა 2013 წელს, ევროკავშირისკენ სწრაფვის პარალელურად, საშობაო დღესასწაულად 25 დეკემბერიც აღიარა.

ლიბანში შობას 25 დეკემბერსა და 6 იანვარს აღნიშნავენ. ლატვიაში რუს მართლმადიდებელ უმცირესობებს ჰქონდათ მცდელობები, რომ 7 იანვარი ერთადერთ შობად ეღიარებინათ, თუმცა ეს მცდელობები ჩაიშალა.

მოლდოვის მსგავსად, უკრაინის მიერ 25 დეკემბრის აღიარება, დასავლური ღირებულებებისკენ სწრაფვად აღიქმება.