სიყვარული ზოდიაქოს ნიშნებისთვის — ნახე, როგორი საყვარელი ხარ

244

დღეს ლამის ყველაფერი სიყვარულის თემის გარშემო ტრიალებს და ჩვენც გადავწყვიტეთ, შემოგთავაზოთ ზოდიაქოს თორმეტივე ნიშნის დახასიათება. ნახეთ, ვინ როგორი ხართ გრძნობებში, რისი გაკეთება შეგიძლიათ საყვარელი ადამიანისთვის და რა გამოგარჩევთ სხვებისგან.

ვერძი (21.03. – 20.04.)

ვერძი

სიყვარულისა და სექსისთვის ადრეულ ასაკში, ანუ ჯერ კიდევ იქამდეა მზად, ვიდრე ამის უფლებას საზოგადოება დართავს. სწორედ ამიტომ ხშირად აქვს კონფლიქტი ოჯახში. ხან საქმე სერიოზულ უსიამოვნებამდეც კი მიდის, ვინაიდან  ბიჭი/კაცი ვერძი ნებისმიერ წესს დაარღვევს, ოღონდ პირველი სურვილები შეისრულოს.

გოგონა/ქალ ვერძს პირველი დანახვისთანავე შეყვარება სჩვევია — თანაც, ყველა ასაკში. და როცა უყვარდება, მათ ვნებას წინ ვეღარაფერი უდგება. იზიდავს აკრძალული ხილის დაგემოვნების სურვილი და ნებისმიერ ფასად მზად არის მის ხელში ჩასაგდებად.

ვერძი მგრძნობიარე საყვარელია, რომლის კაპრიზებიც ისე უნდა დაკმაყოფილდეს, როგორც ჭირვეული ბავშვისა. ქალსაც და მამაკაც ვერძსაც შეუძლიათ ერთგულება, თუმცა, დროებით, ანუ მანამ, სანამ ურთიერთობა ჯერ კიდევ არ არის ბოლომდე გარკვეული.

მამაკაცის პრიმიტიულ ტიპს აქვს რაღაც საერთო გამოქვაბულის ადამიანთან: ისწრაფვის დაიმორჩილოს ქალი, დაიკმაყოფილოს სექსუალური მოთხოვნილება და მერე, როცა ყველაფერი დამთავრდება, უკანმოუხედავად მიატოვოს. უფრო განვითარებულ ტიპს სურვილი აქვს, გმირად წარმოჩინდეს საყვარელი ქალის თვალში და ამიტომ მისთვის ჩადენილ საგმირო საქმეებზეც ხშირად ოცნებობს.

ქალის პრიმიტიული ტიპი დაუყოვნებლივ უნდა დაკმაყოფილდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ანუ თუ მამაკაცი არ აკმაყოფილებს, სასწრაფოდ წყვეტს ურთიერთობას. უფრო განვითარებული ტიპი — ეს აბსოლუტური სიყვარულისა და ერთგულების ტიპია.

კურო (21.04. – 21.05.)

კურო

კუროები სიყმაწვილიდანვე ოცნებობენ სიყვარულზე, მაგრამ როცა უყვარდებათ, დროს სჭირდებათ გაღვიძებისა და გახსნისთვის. უფრო მოწიფულ ასაკშიც კი ვნება მაშინვე კი არ ეუფლებათ, არამედ ნელ-ნელა და შეუმჩნევლად. მაგრამ როცა გრძნობა კარგად გაუჯდებათ, მასზე უფრო მგრძნობიარე ნიშანს ვერ იპოვით.

არჩევანს არ ღალატობს. კუროსთვის გრძნობა და სურვილი ერთი და იგივეა. თუ გატაცებულია, ბოლომდე მიდის, მიუხედავად იმისა, ტკბილია თუ მწარე ეს ბოლო. კუროს სიყვარულს ვერც კრიტიკა აფერხებს, ვერც უხერხულობა და დისკომფორტი. მისი მგრძნობელობა ყველაფერში ვლინდება: სამოსში, სახის ფერში, ხმის ტონში.

კუროს სიყვარული მზით გაჩახჩახებული დაუსახლებელი კუნძულის ინტიმითა და თბილი, ბნელი გამოქვაბულის იდუმალებითაა გაჟღენთილი. ეს ღრმა, ფაქიზი და ხანგრძლივი გრძნობაა.

კუროს — ქალსაც და მამაკაცსაც — სურთ ბოლომდე ფლობდნენ და ეკუთვნოდნენ საყვარელ ადამიანებს. თუ რეალობა იდეალს არ შეესაბამება, კურო ეჭვიანობის ცეცხლში იწვის და შესაძლოა მოკვდეს კიდეც გატეხილი გულის გამო. თუმცა არსებობს მეორე უკიდურესობაც: შესაძლოა ალკოჰოლსა და მაძღრისად ჭამას მიეძალოს, ან „მოცვეთილი“ დონ-ჟუანი გახდეს. თუმცა, ეს შედარებით იშვიათად ხდება.

მამაკაცი-კურო თბილი და ერთგული საყვარელია. მიუხედავად იმისა, რომ მესაკუთრეა, მოსწონს და სიამოვნებს რჩეულის ყოველმხრივ უზრუნველყოფა და ფუფუნებაში ცხოვრება. ის არასდროს „გაუყოფს“ საყვარელ ქალს სხვას, არ წავა კომპრომისზე, არ ივიწყებს და არ პატიობს ღალატსა და ტყუილს.

ქალ-კუროს მოსწონს, როცა ეთაყვანებიან და საყვარლისგან გრძნობების დამტკიცებას ითხოვს. როცა ამაში რწმუნდება, გაწონასწორებული, მშვიდი, ალერსიანი ხდება და მამაკაცს სხვადასხვა მეთოდებით ანებივრებს. როგორც წესი, ქალმა-კურომ იცის, როგორ „დაიჭიროს“ მამაკაცი.

კუროები დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ ფიზიოლოგიურ ასპექტს სიყვარულში და ვერ ჰგუობენ ფრიგიდულ პარტნიორს.

ტყუპები (22.05. – 21.06.)

ტყუპები

მამაკაცი-ტყუპის სიყვარული იოლია და სასიამოვნო იმ შემთხვევაში, თუ გრძნობას მთელი ძალით არ მიეცემით. საჭირო არ არის ურთიერთობების გართულება და დრამატიზება, აუცილებელია ყველაფერს მარტივად და მშვიდად მოეკიდოთ, არ მოაბეზროთ თავი და არ გააპროტესტოთ მისი ცვალებადობა — სჯობს მასთან ერთად შეიცვალოთ.

თუ ტყუპ მამაკაცთან ურთიერთობას იწყებთ, იყავით საინტერესო მოსაუბრე, იმიტომ რომ ტყუპისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი — ეს პარტნიორის ინტელექტუალური დონეა. ის უპირატესობას ბრწყინვალე გონებას ანიჭებს და არა ძვირფას სამოსსა თუ სამკაულებს. როგორც წესი, რამდენჯერმე ქორწინდებიან. თუმცა, რაც უფრო გვიან დაოჯახდება, მით დიდია შანსი იმისა, რომ ქორწინებამ დიდხანს, შესაძლოა, სამუდამოდაც გასტანოს. როცა საქმე შეყვარებულ მამაკაც-ტყუპებს ეხება, აქ დარწმუნებული ვერაფერში იქნები: შესაძლოა მაღაზიაში გავიდეს პურის საყიდლად და… სამი დღის შემდეგღა დაბრუნდეს შინ. მათი გრძნობები ხშირად ზედაპირულია.

ქალი-ტყუპები სიყმაწვილეში აბსოლუტურად ამოუცნობია და ხშირად სიყვარული მისთვის მხოლოდ თამაშია. მაგრამ ასაკის მატებასთან ერთად უფრო და უფრო საინტერესო ხდება. ყველაზე დიდი ძალით სიყვარულში ავლენს თავს, სწორედ ამ დროს ვლინდება მისი ნატურის სიმდიდრეცა და სირთულეც. სენტიმენტალურია და რომანტიკული, მომხიბლავი და ჭკვიანი. ვერავინ გაეჯიბრება სიყვარულში გამომგონებლობაში, არასდროს მოიწყენ მასთან.

თუ გსურთ ქალი-ტყუპები ერთგულები და საიმედოები იყვნენ, აუცილებელია გამუდმებით მის გვერდით იყოთ და გამუდმებით შეახსენოთ თავი. არ შეუძლია გრძნობებისა და ემოციების დაფარვა, ხშირად ეცვლება გუნება და ბობოქრად გამოხატავს გრძნობებს. 

კიბო (22.06.- 22.07.)

კირჩხიბი

ეს ყველაზე მგრძნობიარე და ემოციურად მოწყვლადი ნიშანია მთელ ზოდიაქოში. შეუძლია იცხოვროს ყველაზე მდიდრული და ყველაზე მტანჯველი ცხოვრებით. ხშირად უარყოფს სიყვარულის ფიზიოლოგიურ ასპექტს. სიყმაწვილეში კიბოები რომანტიკოსები არიან და იდეალურ სიყვარულზე ოცნებობენ. კიბო წყნარ და ღრმა ტბას ჰგავს. პირველი გატაცების შემდეგ მისი გრძნობები კიდევ უფრო ღრმა ხდება და ეს დიდებულ, უფაქიზეს საყვარლად აყალიბებს მას. სექსში იდეალურები არიან, მაგრამ ყველა სექსუალურ კავშირს ემოციური დატვირთვა უნდა ჰქონდეს. ეძებენ და ელოდებიან გულგანმგმირავ სიყვარულს, რომელსაც მთელი არსებით მიეცემიან. მალავენ საკუთარ სურვილებს, რადგან ეშინიათ მათი გავულგარულებისა. ოცნებობენ მიუწვდომელ სიყვარულზე.

მამაკაცი-კიბოს ერთი ტიპი მშვიდია და უბრალო, სიყვარულში ერთგული და მტკიცე. მათგან ერთგული ქმრები და მამები გამოდიან. მეორე ტიპი ჭირვეულია, თუმცა დახვეწილი და „მრავალფეროვანი“. ან ერთი ქალიდან მეორესთან გადადის იდეალის ძებნაში, ან ფატალურ, უპასუხო გრძნობაში იძირება. ის კი არა, თავის მოკვლაც შეუძლია და სიყვარულის ობიექტისაც. ზოგიერთი კიბო გამოცდილ და ასაკით უფროს ქალს ირჩევს, რომელიც პოტენციური უნარების გამოვლენაში დაეხმარება.

ქალი-კიბოც ორ ტიპად იყოფა. პირველი, ეს არის მომხიბლავი, ალერსიანი, ძალზე მორცხვი, ხანდახან ფრიგიდული, ცოტა ბუზღუნა, ბავშვივით იოლად აღგზნებადი ქალი; მეორე – ცდილობს კვარცხლბეკზე შედგეს და სიყვარულის მიუწვდომლობა შთააგონოს. პირველ ტიპს შეუძლია საქმე იქამდე მიიყვანოს, რომ  პარტნიორისთვის მხოლოდ და მხოლოდ სექსის ობიექტი იყოს, მონასავით მორჩილი, რომელიც ზედმეტად აფასებს მამაკაცს.

კიბოებს — ქალებსაცა და მამაკაცებსაც — სჩვევიათ, რომ თავი მთლიანად პარტნიორს მიუძღვნან. თუ გრძნობენ, რომ უყვართ, იდეალურები არიან, მაგრამ თუ ამას ვერ გრძნობენ, მაშინ უმძიმესები ხდებიან და ცხოვრებით იტანჯებიან.

ლომი (23.07. – 23.08.)

ლომი

ქალ-ლომს ხშირად უჭირს რომანტიკული ამბიციების რეალიზაცია, ანუ ისეთი მამაკაცის პოვნა, რომელიც კვარცხლბეკზე შეაყენებს — იმ კვარცხლბეკზე, რომელზეც უფლება აქვს. როგორც წესი, ცდილობს სოციალური კიბის მაღალ საფეხურზე მდგომ მამაკაცს გაჰყვეს ცოლად. დიდხანს არჩევს შესაფერის საქმროს და ამიტომ თავს იკავებს დაოჯახებისგან. შესაფერისი საქმრო კი ეს საქმის მცოდნე, ფულიანი კაცია, რომელიც მას კარგადაც მოუვლის და შინ უფროსობის ნებასაც მისცემს. მისთვის სიყვარული — ეს მხოლოდ კოზირია ცხოვრებასთან თამაშში და ამიტომაც ცდილობს დაიოკოს გატაცებები, რომლებიც არც ისე ხშირია მის ცხოვრებაში. ხშირად ფრიგიდულია.

ბევრი ქალი-ლომი დარწმუნებულია, რომ ლამაზია და ეს ხშირად ასეცაა. ფიზიკური სიახლოვისა ეშინიათ, რადგან ფიქრობენ, რომ ამის გამო სილამაზეს დაკარგავენ. ხშირია შემთხვევები, როცა 30 წელს მიღწეულ ლომს — ქალსაც და მამაკაცსაც — ნერვული აშლილობა ემართება ანგარებიანი ქორწინების გამო.

კაც-ლომს შეუძლია იყოს ყველაზე დიდსულოვანი და გულუხვი საყვარელი ან თაყვანისმცემელი. ფაქიზები არა, მაგრამ ვნებიანები კი არიან. სურთ იპოვონ ქალი, რომელიც მათაც იმსახურებს და იმ დიდებულ რომანტიკულ ბედსაც, რომლისთვისაც არიან დაბადებულები ლომები — თავად სჯერათ ასე. ვერ წარმოუდგენიათ, რომ არსებობს ქალი, რომელიც მათ უარს ეტყვის. ახასიათებთ მეორე უკიდურესობა: საკმარისია თქვენი კომპლიმენტი გულს მოეფონოს, რომ მაშინვე ფეხებში გაგიწვეთ — არის ლომში რაღაც ფარშევანგისეული.

სიყვარული ლომისთვის დღესასწაულია, ეგზალტაცია. ლომის მადა დიდია, სურვილი — მტკიცე, ტკივილი — ღრმა. არ აღიარებენ მერყეობასა და ეჭვებს გრძნობებში. არ უყვართ, როცა გზაზე ეღობებიან. თუ ლომს სიყვარულზე უარს ეტყვით, ამას საკუთარ თავს ვერ აპატიებს — მისი გაბრაზება გამანადგურებელი ძალისაა. მეორეს მხრივ კი, ვერც ერთი ქალი ვერ გადაეღობება კარიერისა და მდგომარეობისკენ მიმავალ გზაზე. თუ ქალი ამის გაკეთებას შეეცდება, კაცი-ლომი მაშინვე განაგდებს დამამცირებელ სურვილს — მაშინაც კი, თუ ამის შემდეგ საერთოდ მარტო დარჩება.

თუ ლომი საზოგადოებაში წარმატებულია, როცა ამას ვერავინ ხედავს, მეორე ნახევარს მბრძანებლობის უფლებას აძლევს, შეუძლია იყოს ყველაზე თვინიერი ქმარი მსოფლიოში. ხოლო თუ წარუმატებელია, საშინელი ტირანი, კერპი და პომპეზური ხდება, შეურაცხყოფს ცოლს და ყველაფერში ცოლს ადანაშაულებს.

ქალწული (24.08. – 23.09.)

ქალწული

თუ ქალწულის გულს ვინმე იპყრობს, ის უკან იხევს და ჩრდილში ინაცვლებს, რათა კარგად დაფიქრდეს. ვერ იტანს გაურკვევლობას. ვნება ქალწულს სულიერ ავადმყოფობად მიაჩნია, რომელიც გონებამ უნდა განკურნოს. ისინი აანალიზებენ საკუთარ გრძნობებს და ცდილობენ, გონების ძალით, ეჭვიანობითა თუ კამათით მინიმუმამდე დაიყვანონ ის. ამ დროს კი იმაზე მეტად იყვნენ მიჯაჭვულები პარტნიორზე, ვიდრე თავად ჰგონიათ.

ქალწული — ეს მწველი ყინულია. ის არ იღვრება სიტყვებად, სიყვარულის დამტკიცება საქმით ურჩევნია. ისეთ ურთიერთობას ამჯობინებს, რომელშიც აქცენტი მორალურ პატიოსნებაზე, გრძნობების სისუფთავეზე, ღრმა უბიწობაზე კეთდება. თუ ეს ასე არ არის, ქალწული მარტოობას არჩევს. 

ქალწულებს შორის ყველაზე მეტი დაუქორწინებელია. ყველაზე მეტ სირთულეს ქალწული ურთიერთობების პირველ ეტაპზე აწყდება. გრძნობების გაზიარებისას ძალზე შებოჭილი ხდება და უხერხულობას განიცდის. ამიტომ ხშირად ხელიდან უშვებს შანსს და ურთიერთობას არ ავითარებს. სამაგიეროდ სიმშვიდესა და „სულერთიაობას“ ინარჩუნებს. მაგრამ წლები რომ მოემატება, უცებ ფეთქდება ერთი საოცარი ვნების გამო.

ქალწული-საყვარელი სამ კატეგორიად იყოფა:

• წარმატებული ტიპი, რომელიც საქმესა და სიამოვნებას ერთმანეთს უსადაგებს — ეს მომაჯადოებელი და გაწონასწორებულია მამაკაცია, რომელსაც სამზარეულოში ტრიალი და საშინაო საქმეების კეთება უყვარს. ამ ტიპის ქალი ალერსიანია, ცოცხალი, ერთგული და უყვარს პარტნიორისთვის ყავის ლოგინში მირთმევა;

• თავშეკავებული ტიპი — შესაძლოა იყოს ცივი და ლატენტური იმპოტენტი, პურიტანელია, უყვარს მარტოობაში ოცნება, შიგადაშიგ ხანმოკლე თავგადასავლების მძებნელი. ამ ტიპის ქალი შესაძლოა ვიწროდ აზროვნებდეს და საკუთარ მარტოობას სათნოების ეტალონად მიიჩნევდეს, ან გარშემო ყველაფერს საწვრთნელ ბანაკს ამსგავსებდეს;

• მესამე ტიპი სექსს წესების კარნახის უფლებას აძლევს, უამრავი თავგადასავალი აქვს, გული კი თითქმის უგრძნობი აქვს. ამ ტიპის ქალმა შესაძლოა ლოლიტასავით დაიწყოს და მონაზვნის სამოსით შებურვილი ნიმფომანივით დაასრულოს.

სასწორი (24.09. – 23.10.)

სასწორი

სასწორს ქორწინება მართავს. ამ ნიშანს ყველაზე მეტად სჭირდება პარტნიორთან კავშირი, რათა თავი სრულყოფილად იგრძნოს. სასწორი — ეს ხიდია ქალწულსა (რომელსაც გონება მართავს) და მორიელს (რომელსაც სურვილები მართავს) შორის. ეს დაკიდული და მოქანავე ხიდია, რომელიც ფიზიკური ძალის უკმარისობის, შეზღუდული ენერგიის სიმბოლოცაა. აქედან გამომდინარეობს ისიც, რომ სასწორების ვნება სუსტია — ანუ მის ჩხვლეტას კი გრძნობენ, მაგრამ ძალზე რბილად.

სასწორს არ უყვარდება ერთი ნახვით, მაგრამ როცა უყვარდება, მთლიანად ემონება გრძნობებს. თუმცა ისეც ხდება, რომ „ნახევარი სიყვარულით“ ქორწინდება.

ქალი-სასწორი ნაზია და მომხიბლავი, ნებისმიერ მამაკაცს შეუძლია მოერგოს, თანაც ისე, რომ ხანდახან ეს მაზოხიზმამდეც კი დადის. იდეალური თანაშემწეა, რომელიც ბედნიერებას ქმრის წარმატებაში პოულობს. მაგრამ თუ სიყვარულს ვერ გრძნობს, შეუძლია ბედნიერებას გვერდზე დაუწყოს ძებნა.

მამაკაცი-სასწორი თავს მონადირედ არ მიიჩნევს და ხშირად ქალისგან ელოდება პირველ ნაბიჯს. თუ ეს ასე არ ხდება, თავს არასასურველად და უარყოფილად გრძნობს, ნებდება და წარმატებას სხვაგან ეძებს. თუ მამაკაცი-სასწორი გრძნობს, რომ სასურველია, ყოველთვის და ყველას საცთუნებლად მზადაა. არ არსებობს უფრო მომაჯადოებელი, დიდსულოვანი და მორგებული პარტნიორი, ვიდრე სასწორია. მათზე გავლენის მოხდენა ძალზე იოლია.

მორიელი (24.10. – 22.11.)

მორიელი

მორიელი მგრძნობიარე ნატურაა. გადაჭარბება სჩვევია, მათ შორის, სიყვარულშიც. მორიელი მთელი არსებით ისწრაფვის სიყვარულისკენ. მისთვის მიუღებელია მარცხი — იცის საკუთარი მომაჯადოებლობის ფასი.

თუ კაცი-მორიელი საყვარელ ადამიანზე ვერ დაქორწინდება, კიდევ უფრო მაგრად და ნაზად შეუყვარდება ის — მეორე ნახევარზე მეტადაც კი. ის მხოლოდ გულს უგდებს ყურს. არ უყვარს გრძნობების სახალხოდ გამოვლენა. როცა პარტნიორთან პირისპირ რჩება, ნამდვილ და წრფელს გრძნობებს აჩენს, ხალხში კი უხეში, უყურადღებო და ხშირად სასტიკიცაა. ახასიათებს ეჭვიანობა.

ქალი-მორიელი რაღაც მეექვსე გრძნობის მეშვეობით იცნობს მომავალ მეუღლეს და იმასაც სხვა არა დარჩენია რა, თუ არა მისი ჯადოს მორჩილება. ძალზე ვნებიანი ნატურაა და თანაც არა მხოლოდ სიყვარულში. ეს ყველაფერში ვლინდება. მას ან უკიდეგანოდ უყვარს ან უკიდეგანოდ სძულს. საშინლად ეჭვიანია, მაგრამ არ უყვარს, როცა მასზე ეჭვიანობენ. არადა, ეს შეუძლებელია, ვინაიდან ხშირად იპყრობს მამაკაცების მზერას.

მშვილდოსანი (23.11. – 21.12.)

მშვილდოსანი

მშვილდოსანი — ეს ნაკვერჩხალია, რომელიც ღვივის. კაც-მშვილდოსანს უყვარს კომფორტი, მსუბუქი ატმოსფერო, ფუფუნება. ამჯობინებს ქალს, რომელიც საკუთარ თავზე წარმოდგენასაც აუმაღლებს და საოჯახო საქმეებსაც კარგად გაუძღვება, როცა ქმარი შინ არ იქნება.

კაცი-მშვილდოსანი ხშირად ძალიან მოღალატე ქმარია და ამას მამაკაცურ პრეროგატივად მიიჩნევს. ეჭვიანობის მძვინვარე შეტევა ეწყება, თუ მასზე იეჭვიანებენ. არ პატიობს ღალატს, განსაკუთრებით მაშინ, თუ ფიქრობს, რომ ამის შესახებ სხვებმაც იციან. სძულს სკანდალები და გაურბის მათ.

ქალი-მშვილდოსანი ან უკიდურესად ამაყია და მეომარივით შემართული, ან დიდებული პატრონესაა, რომელსაც სურს, რომ საყვარელ მამაკაცს უზომოდ უყვარდეს და კვარცხლბეკზე აყენებდეს. საოცრად უფრთხილდება სახელს. არ პატიობს ღალატს, მაგრამ ყველანაირად ცდილობს, სკანდალს თავი აარიდოს. მათ შორის გვხვდებიან ქალები, რომლებსაც თავისუფალი სიყვარული ურჩევნიათ და არ თხოვდებიან.

მშვილდოსნებს — ქალებსაც და მამაკაცებსაც — მოსწონთ, როდესაც მათი პარტნიორი ყველასგან გამოირჩევა, მაგალითად, რასით, რელიგიით ან წარმოშობით.

თხის რქა (22.12 – 20.01.)

თხის რქა

თხის რქა ღვინოსავითაა — ასაკის მატებასთან ერთად უკეთესი ხდება, რადგან შინაგანი შებოჭილობა ეხსნება. ახალგაზრდობაში, დანაკარგისა და ტკივილის თავიდან აცილების მიზნით, ურთიერთობებს გაურბის. მინიმალურ სიამოვნებაზე თანხმდება, ოღონდ ტკივილი არ განიცადოს. ყინულოვანი „სულერთიაობის“ მიღმა შესაძლოა მტანჯველ ვნებას მალავდეს და თრგუნავდეს მას, რათა გრძნობებმა არ დაიმორჩილოს. ამას შედეგად სხვადასხვა ფორმის აშლილობა სდევს.

თხის რქამ შესაძლოა უსიყვარულოდ ლამის 40-50 წლამდე იცხოვროს, მერე კი უცბად გაიხსნას და მთლიანად დაემორჩილოს ყველა გრძნობას, რომლებსაც აქამდე ებრძოდა. 

ბევრი თხის რქა-კაცი ქალთმოძულეა და უცოლოდ ბერდება. თუ ქალს შეხედავს, მასში პატიოსნებას, საიმედოობას დაუწყებს ძებნას. ხშირად თავისზე უფროს ქალზე აკეთებს არჩევანს, ფულიანზე, მშვიდსა და არამფლანგველზე. არ უშვებს სკანდალებსა და გაყრებს. თხის რქის ცოლი ვერასდროს შეიტყობს, რომ მის ქმარს საყვარელი ჰყავს. მეორე მხრივ, მასზე უფრო კარგ კომპანიონს ხანშიშესული ქალი ვერსად ნახავს.  

ქალი-თხის რქა ხანდახან ძალიან გულქვაა. სძულს დიასახლისის როლი, ურჩევნია, კარიერა შეიქმნას და დამოუკიდებლობას მიაღწიოს, ვიდრე მაცდურ რომანს დაემორჩილოს. ის კი არა, ხანდახან შეყვარებულის მკლავებშიც კი ცივი რჩება. ხშირად მისი გათხოვების მიზეზი ფინანსები ან სოციალური მდგომარეობაა. ზოგ თხის რქას კონკიას კომპლექსები აქვს — სურთ იყვნენ საყვარლები, ვინაიდან საკმაოდ მომხიბლავად მიიჩნევენ თავს. თუმცა არსებობს თხის რქის მეორე ტიპიც — მშვიდი და მომხიბლავი ცოლი. 

თუ კაც-თხის რქას არ უმართლებს, ვითარებას ეგუება. მისი შინაგანი იარაღი — ეს ინსტიქტების ნაკლებობაა. თხის-რქა მამაკაცები სხვებზე ნაკლებად იტანჯებიან.

მერწყული (21.01. – 19.02.)

მერწყული

მერწყულებს უყვართ უჩვეულოზე ოცნება, განსაკუთრებით, სიყმაწვილეში, სიყვარულის ობიექტს მისტიკურ საფარველში ახვევენ, ანუ აიდეალებენ რჩეულს. თუმცა მერე განიხიბლებიან ხოლმე და ყველაფერი მეგობრობაში გადაჰყავთ. ვნებამ შესაძლოა მთლიანად განმსჭვალოს მერწყული, მაგრამ გული ვერ „დაუზიანოს“. მტანჯველი სიყვარული — ეს ილუზიაა მერწყულისთვის. უყვარს თავისუფლება და ვერ იტანს გალიაში ცხოვრებას.

იშვიათად ატარებს საქორწინო ბეჭედს. თუ ურთიერთობითაა შებოჭილი, მხოლოდ იმაზე ფიქრობს, როგორ დაიხსნას თავი და ამას მდუმარედ ამზადებს. პროცენტულად ყველაზე მეტი განქორწინებული მერწყულებს შორის არიან.

ქალი-მერწყული სიყვარულში ჯიუტია და ყურადღებას არ აქცევს ხალხის აზრს, რელიგიასა თუ ეროვნებას. ზედმეტად ქალურია და მგრძნობიარე.

თევზები (20.02. – 20.03.)

თევზები

აქ იმდენი ვარიაციაა, რამდენიც თევზი ზღვაში.

მამაკაცი შესაძლოა იყოს დონ-ჟუანიცა და სიყვარულის მდუმარე და ტანჯული მსხვერპლიც.

ქალი: შესაძლოა იყოს რომანტიკოსიც, მისტიკურიცა და საბედისწეროც და რბილი, ერთგული (თუმცა არა თვინიერი) ცოლიც, რომელიც მთლიანად და სამუდამოდ ერთ მამაკაცს მიეკუთვნება.

თევზებს ეგზალტირებული სიყვარულიც შეუძლიათ და საერთოდ უსიყვარულობაც — ანუ ეს ან სამოთხეა და ან ჯოჯოხეთი.

თევზების გული ამოუცნობია და მიუწვდომელი, როგორც ზღვა. სიყვარული შეუმჩნევლად ეუფლებათ და ასევე შეუმჩნევლად უძლიერდებათ გრძნობა. თავადაც იშვიათად იციან, სად დაიწყო ის და სად დასრულდა. დიდხანს შეუძლია ჰქონდეს პლატონური ურთიერთობები, თუმცა არიან ისეთებიც, რომლებიც იოლად ემორჩილებიან ვნებას და რომელთა მგრძნობელობა გადამდებია.

თევზები არ არიან დამპყრობლები. ელოდებიან, როდის აირჩევენ მათ, მაგრამ ისე, რომ ყველამ დაინახოს მათი უპირატესობა. არ ებრძვიან მეტოქეს. ურჩევნიათ წარმატება უსურვონ მას და გზიდან ჩამოეცალონ. მცირე მსხვერპლს გაიღებს, მაგრამ ეჭვიანობის სცენას არ მოაწყობს. მისი მთავარი სირთულე ისაა, რომ არ იცის, როგორ დაიწყოს და დაასრულოს ურთიერთობა ადამიანთან.

ბევრ თევზს უყვარდება ფიზიკურად თუ მორალურად ნაკლოვანი ადამიანი და ცდილობს დაიფაროს ის თავისი გრძნობით.

თევზებისთვის აუცილებელია იგრძნოს, რომ სასურველია და თუ ამას გრძნობს, უერთგულესი, უთვინიერესი და ყოვლის მიმტევებელი პარტნიორი ხდება.