რომელ ქვეყნებში დააგემოვნებთ საუკეთესო ყავას?

325

ყველამ მშვენივრად ვიცით თუ სად უნდა გავემგზავროთ საუკეთესო პიცის, კრუასანის თუ სუშის საჭმელად, მაგრამ საინტერესოა რომელ ქვეყნებს უნდა ეწვიონ ისინი, ვისაც ყავა ძალიან უყვარს?

#1 იტალია

არომატული ყავის მოყვარულის იდეალური დილა: რომი, პატარა მრგვალი მაგიდა ტერასაზე და გემრიელი მაკიატო რძით. ადგილობრივი მაცხოვრებლები ყავით დღეში რამდენჯერმე ტკბებიან: დილით ბართან, მეგობრებთან სადილობისას, საღამოს ახლობლებთან შეხვედრისას. იმისთვის, რომ ყავის მოყვარულ იტალიელთა წრეში ღირსეულად ჩაეწეროთ, ყავის ადგილობრივი ეტიკეტი და წესები უნდა დაიცვათ. ყავას რძით, ლატეს ან კაპუჩინოს აქ შუადღემდე უკვეთავენ, შემდეგ ესპრესოს ან ჩვეულებრივ შავ ყავას ანიჭებენ უპირატესობას. არ თხოვოთ ბარმენს ამერიკანო გაგიკეთონ, რადგან ითვლება რომ ამას გამოუცდელი ტურისტები აკეთებენ.

#2 თურქეთი

თურქეთში ყავის სმისას პროცესით ტკბობა უყვართ, ამიტომაც ტრადიციულ ყავას ანიჭებენ უპირატესობას, რომელიც მეტალის ჭიქაში დუღდება. მათ 5-6 წუთის განმავლობაში აკეთებენ და პროცესი ნამდვილ რიტუალადაა ქცეული. თურქეთში ყავასთან აუცილებლად მოაქვთ თურქული ტკბილეული, რათა სასმლის სიმაგრე გაანეიტრალონ. ყავას აქ პატივისცემით ეპყრობიან, ამიტომაც წესების დაცვაა საჭირო: არ შეუკვეთოთ ორი ჭიქა ზედიზედ, რადგანაც არც ისე კარგ ჟესტად ითვლება. ასევე, წყალი, რომელსაც სასმელთან ერთად მოგართმევენ, ყავის დალევამდე უნდა მოსვათ და არა შემდეგ.

#3 ავსტრია

ამ ქვეყანაში არამხოლოდ სინჯავენ ყავას, არამედ კულტურულ მემკვიდრეობას ეხებიან. ვენის ყავის ტრადიციები 2011 წლიდან “იუნესკოს” არამატერიალურ ძეგლთა სიაშია. ავსტრიაში ყავასთან ერთად საათობით დატკბებით მყუდროებით, წაიკითხავთ გაზეთს ან შეისწავლით გამვლელებს. ბევრი ყავის კაფე ცნობილია იმით, რომ აქ დროს ცნობილი მუსიკოსები, მწერლები თუ არქიტექტორები ატარებდნენ. ამ ქვეყანაში აუცილებლად უნდა გასინჯოთ ესპრესო ადუღებული რძითა და ნაღებით და რა თქმა უნდა, ცნობილი ვენური ყავა.

#4 სამხრეთ კორეა

ყავის ინდუსტრია აქ ძალიან სწრაფად ვითარდება, განსაკუთრებით უკანასკნელი 5 წლის მანძილზე. მთელი ქვეყნის ბარისტები აქ ჩემპიონატზე მოემგზავრებიან და მასტერკლასებს ატარებენ. სამხ. კორეაში ნატურალურ სასმელს ანიჭებენ უპირატესობას, ჩვეულებრივი ხსნადი ყავა შაქრით ნაკლებად პოპულარულია. ადგილობრივი მაცხოვრებელებისთვის არამხოლოდ არომატსა და სურნელს აქვს მნიშვნელობა, არამედ ესთეტიკურ მხარესაც, ამიტომაც კორეაში ლატე ხელოვნების ნიმუშს მოგაგონებთ.

#5 ავსტრალია

ყავის მოყვარულები ავსტრალიაში ქალაქ მელბურნს უნდა ეწვიონ. ამ ქალაქში ყავის ბარს ყველა კუთხეში აღმოაჩენთ. ადგილობრივებისთვის ყავის სტანდარტები საკმაოდ მაღალია. პირველ რიგში აქ ფავორიტი – ფლეტ უაიტი უნდა გასინჯოთ, რომლის სამშობლოც ავსტრალიაა. მთავარი რეცეპტი ორმაგი ესპრესოა რძით, არაფერი ზედმეტი. ყავის დაგემოვნებისას არც ლონგ ბლეკი დაგავიწყდეთ. ავსტრალიელები, როგორც დიდი ეკოლოგები ყავას არა ქაღალდის ჭიქაში, არამედ თერმო-ჭიქაში მოგართმევენ.