რომელ ქვეყნებს უნდა ვეწვიოთ ბავშვებთან ერთად

349

საოჯახო მოგზაურობის დაგეგმვისას ბავშვების ასაკი და ინტერესები უნდა გავითვალისწინოთ. მათთვის სასტუმროს ვარსკვლავების რაოდენობა გადამწყვეტ როლს ჯერჯერობით არ თამაშობს. მთავარია ქვიშის სანაპირო, თბილი ზღვა, საყვარელი სათამაშოები და მშობლების ყურადღება. სკოლის მოსწავლეებისთვის მნიშვნელოვანია კურორტზე გასართობი პუნქტების არსებობა, ამრიგად მშობელიც მოახერხებს დასვენებას. ისინი დიდი სიამოვნებით ეწვევიან აკვაპარკს, დელფინარიუმს და სხვადასხვა ექსკურსიებშიც აქტიურად ჩაებმევიან. 




რეკომენდირებული ქვეყნები ბავშვის ასაკის მიხედვით:
0-2 წლის: ბულგარეთი, საბერძნეთი, ლიტვა, ლატვია, ხორვატია, იტალია
3-6 წლის: თურქეთი, ესპანეთი, ბულგარეთი, საბერძნეთი, იტალია
7-12 წლის: ესპანეთი, ეგვიპტე, იტალია, ტაილანდი



1. ბულგარეთი – პატარების სამოთხე
აქ პაპანაქება სიცხეს ნამდვილად გაექცევით. ზაფხულში ტემპერატურა 31-32 გრადუსს არ სცდება. მსუბუქი კლიმატი და ქვიშის სანაპიროები პატარებისთვის ნამდვილი მისწრებაა. მნიშვნელოვანი ფაქტორია დემოკრატიული ფასებიც – ფაქტობრივად ქვეყანა საოჯახო დასვენებისთვისაა განკუთვნილი. ნებისმიერ სასტუმროში საბავშვო მენიუა წარმოდგენილი, ოთახებში კი შესაბამისს ავეჯს იხილავთ. პატარებისთვის გამოყოფილია სათამაშო ზონები და აუზებიც კი. სასტუმროს პროფესიონალ აღმზრდელებთან ერთად, შვილების ანიმაციურ სივრცეში დატოვებასაც შეძლებთ. ბულგარეთის კურორტები მშვიდია და ძირითადად ზღვის ან ტყის მახლობლადაა განთავსებული. 
პატარა მოგზაურებს აქ დელფინარიუმი, აკვაპარკი, მეკობრეთა ხომალდით გასეირნება, ზოოპარკები, წყლის ატრაქციონები და თემატური ქალაქები ელით.



2. ესპანეთი – უმაღლესი დონის გართობა
ესპანეთი უკვე ზედიზედ რამდენიმე წელია რაც საოჯახო დასვენებისთვის განკუთვნილ სიაში ლიდერულ პოზიციას იკავებს. ტურისტები ძირითადად სასატუმროს ტიპის ბინებში რჩებიან, სადაც კერძების მომზადება თავადაც შეუძლიათ. პატარებისთვის აქ ყველაფერია რაც კი მათი ინტერესების სფეროს ეხება: საბავშვო მენიუ, ატრაქციონები, გასართობი პარკები, მზრუნველი პერსონალი, ქვიშის სანაპიროები და ბალეარის ზღვის მსუბუქი კლიმატი.


3. ტაილანდი – ყველაზე ეგზოტიკური მიმართულება
ტაილანდი ბავშვებს უცხო ბუნების, ეგზოტიკური ცხოველების და თბილი ზღვის გამო ძალიან მოსწონთ. გრძევადიანი ფრენა, სამზარეულო თუ ქვეყნის სხვა ნაკლი აქ დასვენებისას უკანა პლანზე იწევს, რადგანაც ტაილანდი ცალკე საოცარ სამყაროდაც კი მოიაზრება, რომელსაც თქვენი პატარა აღმოაჩენს.



4. იტალია – თავდავიწყება
იტალია სკოლის ასაკის ბავშვებისთვის განსაკურებით სასარგებლოა. ქვიშის სანაპიროები ადრიატიკის თბილი ზღვის ტალღებს ერწყმის. სჯობს, ქვეყნის მარჯვენა სანაპირო ზოლის კურორტები არჩიოთ, რადგანაც ნაკლებად მთიანია. ამასთან, იტალიის აღმოსავლეთ ნაწილში ორი უზარმაზარი გასართობი პარკია, რომელიც არც ესპანეთის 
„პორტ ავენტურას“ და არც პარიზის „დისნეილენდს“ ჩამოუვარდება. მათ „გარდალენდი“ და „მირაბილინდია“ ეწოდებათ.



5. თურქეთი – სამოთხე, რომელიც ყველაფერს მოიცავს
ზაფხულობით აქ ტემპერატურა 27-33 გრადუსამდე მერყეობს; ტურები შედარებით იაფია, სასტუმროების დიდი არჩევანია წარმოდგენილი, რომლებიც ყველა გემოვნების და ბიუჯეტის ადამიანს დააკმაყოფილებს. თურქეთის კურორტების უმეტესობა ქვიშიანი სანაპიროებით და საბანაო ზოლში ნაკლებად ღრმა ზღვით გამოირჩევა. სასტუმროებს საკუთარი მინი-აკვაპარკები, სათამაშო მოედნები და სპეციალური კვება აქვთ.
ალანია და მარმარისი დიდი და ხმაურიანი კურორტებია, თუ სიმშვიდეს ეძებთ ფეთჰიე, კემერი, ბელეკი, და სხვა მსგავსი ადგილები არჩიეთ.



6. საბერძნეთი – წყნარი დასვენება
საბერძნეთში სიცხე ტენიანი ჰაერით და ბევრი სიმწვანით კომპენსირდება. სხვადასხვა საინტერესო ადგილებში გასეირნება დაუვიწყარ შთაბეჭდილებებს შეგიქმნით. აქ აკვაპარკებს უპრობლემოდ მოძებნით, ხოლო ქვიშიანი სანაპიროს მოძებნა ცოტა გაგჭირდებათ.



7. ხორვატია – სიჩუმე
ხორვატიაში ძალიან სუფთა ზღვაა, სასტუმროები კი ფიჭვებითაა გარშემორტყმული. ქვეყანა მრავალფეროვან სანაპიროებს გთავაზობთ. ზღვის მოყვარული ბავშვები დროს აქ სასიამოვნოდ გაატარებენ.


8. ბალტიისპირეთი – იმუნიტეტის გაძლიერება
ბალტიისპირეთის ჰაერი ორგანიზმის სასუნთქ გზებზე საუკეთესოდ მოქმედებს. ლიტვის და ლატვიის კურორტები ზღვაზე ხედით იმუნურ სისტემას აუმჯობესებს და ადამიანებს გამოჯანმრთელებაში ეხმარებათ. თეთრი ქვიშით სავსე სანაპიროები სექტემბრამდე აქტიური სეზონით გელოდებათ.
პალანგაში ბევრი ატრაქციონი, ბატუტი და გასართობია; კლაპეიდაში დელფინარიუმს და საზღვაო მუზუმს მოინახულებთ; არანაკლებ საინტერესოა ვილნიუსიც. მოკლედ ბავშვები ამ რეგიონში ნამდვილად არ მოიწყენენ.



9. ეგვიპტე
ეგვიპტეში კი ნამდვილად ცხელა, ამიტომაც გამგზავრებას აგვისტოს ბოლოდან გირჩევთ. ზოგიერთი სასტუმრო 4-6 წლამდე ბავშვებისთვის უფასოა. აქ ზღვა ძალიან ლამაზია, უამრავი თევზით. შარმ-ელ-შეიხის სანაპირო ზოლი მარჯნის რიფებისგან შედგება და მათში შესვლა მაინც სიფრთხილეს საჭიროებს.