როგორ ვიმუშაოთ სახლიდან?! – 5 პრაქტიკული რჩევა

381

დღეს, მსოფლიოში, სულ უფრო მეტი კომპანია გადადის მუშაობის თავისუფალ რეჟიმზე – თანამშრომლებს საშუალება აქვთ, სახლიდან, ან ნებისმიერი სხვა ადგილიდან იმუშაონ. თუმცა, ვიღაც, შესაძლოა, ასეთ გარემოში ნაკლებად პროდუქტიული იყოს. როგორ უნდა მოიქცეთ ამ შემთხვევაში?

გთავაზობთ 5 რჩევას, რომ ოფისს გარეთ, რაც შეიძლება პროდუქტიულად იმუშაოთ.

განსაზღვრეთ სამუშაო გრაფიკი 

სახლიდან მუშაობისას, ყოველთვის წინასწარ განსაზღვრეთ გრაფიკი და ოჯახის წევრებს, მეგობრებს უთხარით, არ შეგაწუხონ. თითო ადამიანმა, 5 წუთიც რომ გადაგატანინოთ ყურადღება სხვა რამეზე, კონცენტრაცია ყოველ ჯერზე გაგიჭირდებათ. ეცადეთ, ზუსტად დაიცვათ თქვენივე შედგენილი გეგმა და თუ იცით, რომ 2 საათამდე შეუსვენებლად უნდა იმუშაოთ, არც ერთ შემთხვევაში არ მოწყდეთ საქმეს ამ დრომდე. რაც მთავარია, არ დაგავიწყდეთ დაწყების დრო. როგორც ოფისში მიდიხართ, მაგალითად, 10 საათზე, ისე ერთსა და იმავე დროს დაიწყეთ სახლშიც.

შეიძინეთ კარგი ტექნიკა

ნუ დაზოგავთ თანხას და შეიძინეთ კარგი კომპიუტერი, ტელეფონი, ჩამწერი ან ნებისმიერი რამ, რაც სამუშაოდ გჭირდებათ. სახლიდან მუშაობისას, ეს ძალიან მნიშვნელოვანია. მაგალითად, ხართ ჟურნალსიტი და არ გაქვთ ტელეფონი, რომელიც საუბარს იწერს, ან ლეპტოპი, რითიც ყველგან შეძლებთ სტატიის დაწერას და ოფისში გაგზავნას. თუ შესაბამისი ტექნიკა არ გექნებათ, გაგიჭირდებათ, იყოთ პროდუქტიული.

​დაყავით სამუშაო დღე

აუცილებელია, სამუშაო დღე მონაკვეთებად დაყოთ. იმის მაგივრად, რომ 8 საათის განმავლობაში ყველა საკითხზე ერთად იფიქროთ, უმჯობესია, თითოეულს კონკრეტული დრო, მაგალითად, 60 ან 90 წუთი დაუთმოთ. ოღონდ ეცადეთ, ჩაეტიოთ წინასწარ განსაზღვრულ მონაკვეთებში.

აუცილებელია შესვენება

შესაძლოა, დღის მანძილზე ძალიან ბევრი დავალება გქონდეთ და წინასწარ ჩამოწერილ გეგმაში ბევრი რამ შედიოდეს, მაგრამ შესვენება აუცილებელია. ერთი ან ორი პუნქტის დასრულების შემდეგ, აუცილებლად დაისვენეთ 10 – 15 წუთი. მხოლოდ ასე შეძლებთ, პროდუქტიული იყოთ.

სახლში მუშაობა არ ნიშნავს სულ მუშაობას

ვინც სახლიდან მუშაობს, ხშირად თვლის, რომ სულ საქმე უნდა აკეთოს. ასე პროდუქტიული ნამდვილად ვერ იქნებით. ამიტომ, დროის წინასწარ განსაზღვრული მონაკვეთის მერე, მაგალითად, საღამოს 7 საათზე, მოშორდით სამუშაო კუთხეს. ჩათვალეთ, რომ ოფისიდან გახვედით და დილამდე ნუღარ მიუბრუნდებით საქმეს.