როგორ ვაქციოთ ბავშვის მეცადინეობა თამაშად და რისთვის არის საჭირო თერაპიული თამაშები

120

თამაში ბავშვის ფსიქიკისა და ფიზიოლოგიის განვითარებაში უდიდეს როლს ასრულებს.

სწორედ თამაშში ყალიბდება ის ძირითადი პიროვნული მახასიათებლები და ფსიქიკური პროცესები, რაც გავლენას ახდენს ბავშვის აზროვნების განვითარებაზე და უღვივებს ფანტაზიისა და შემოქმედებითი აზროვნების უნარს. რაც, თავისთავად, გავლენას ახდენს მის მომავალზე. როგორ უნდა ვეთამაშოთ ბავშვს, რომ თამაშმა მის განვითარებაზე დადებითად იმოქმედოს – გვესაუბრა ფსიქოლოგი თამარ ისაკაძე:

არსებობს ცნება, „განმავითარებელი თამაში“, რაც გულისხმობს ისეთი ტიპის თამაშებს, რომლებიც ხელს უწყობს ბავშვის განვითარებას ფიზიკური, შემეცნებითი, პიროვნული და სოციალური მიმართულებებით. აქ მნიშვნელოვანია ის ფაქტორი, რომ მშობელმა ნებისმიერი თამაში შეიძლება აქციოს „განმავითარებლად“, თუ ის მას სწორად დაგეგმავს. თამაშის დაგეგმვისას მნიშვნელოვანია ბავშვის ასაკობრივი განვითარების თავისებურებების გათვალისწინება. განმავითარებელი თამაშები ხელს უწყობს ახალი უნარ-ჩვევების განვითარებას, ყალიბდება სააზროვნო უნარები, მეტყველება, კრეატიულობა (შემოქმედებითობა). უნარ-ჩვევების გარდა, ბავშვი იძენს ცოდნას და ინფორმაციას იმ თემებზე, რაც მისთვის აქამდე უცხო იყო. ამავდროულად აღსანიშნავია, რომ თამაში ბავშვის ბუნებრივი და წამყვანი ქცევაა, ამრიგად, თამაშით სწავლა მისთვის სპონტანური და სახალისო პროცესია.
– რას გულისხმობს თამაშით სწავლა?
– „თამაშით სწავლა“ გულისხმობს სწავლების ისე დაგეგმვას, რომ თამაშის ელემენტებს მოიცავდეს და მეორეს მხრივ, სათამაშო გარემოს სასწავლო ელემენტებით გამდიდრებას. მაგალითად, შინაური და გარეული ცხოველების გარჩევა, შეკრება-გამოკლების სწავლა, სიტყვების კითხვა შეიძლება ლოტოს თამაშით წარიმართოს. შესაძლოა თვლა კიბეებზე ასვლის პროცესში ვისწავლოთ, ამ დროს მოტორული უნარებიც ვითარდება, ხოლო თუ ბავშვი მაკრატლით გამოჭრის დიდი ზომის ასო-ბგერებს, ამით ასოების ცნობასაც ისწავლის და ნატიფ მოტორულ უნარებსაც განივითარებს. 
– როგორ უნდა წარვმართოთ თამაშით სწავლა?
– ითამაშეთ ბავშვებთან ერთად როგორც სამაგიდო თამაშები (ლოტო, მოზაიკა), ისე მოძრავი თამაშები (ზოგჯერ გუბეებში მშობლებთან ერთად ხტომა ყველაზე დიდი ბედნიერების მომტანია ბავშვისთვის). თამაშის დროს ელაპარაკეთ ბავშვს. სამეტყველო ლექსიკის განვითრებისთვის მშობელმა საგნების მანიპულირების დროს ზეპირი სახელდებაც უნდა გააკეთოს – თუ სურათებს აფერადებთ, სიტყვებიც მოიშველიეთ ახალი ცნებების სწავლისა და გამტკიცებისთვის, მაგალითად: „მე ახლა წითელი ფერის ფანქარს ავიღებ, შენ ლურჯი ფერით აფერადებ გემს; მე სათლელით გავთალე ფანქარი, ახლა შენ სცადე; მარჯვნივ შეგიძლია საშლელი დაიდო“. აქციეთ სწავლა თამაშად და გამოიყენეთ თამაში სწავლისთვის – აქციეთ მეცადინეობა თამაშად და პირიქით, თამაში გამოიყენეთ აკადემიური უნარების განვითარებისთვის.
– როგორ შევარჩიოთ სათამაშოები?
– სათამაშოები ყველგან შეგიძლიათ აღმოაჩინოთ. დაგეგმეთ სხვადასხვა სახის თამაშები. სათამაშო რომ განმავითარებელი ფუნქციის მატარებელი იყოს, არ არის აუცილებელი მხოლოდ მაღაზიაში ნაყიდი პროდუქცია და ნივთები. ცნობილია, რომ ცომის მოზელის პროცესი ან კვერცხისა და შაქრის ათქვეფა უფრო სიამოვნებს ბავშვს და თან, ეს მათ სენსორულ და კოგნიტურ განვითარებას უწყობს ხელს. 6 წლამდე ბავშვის ყურადღებისა და მეხსიერების მოცულობა ჯერ კიდევ ჩამოყალიბების პროცესშია, ამიტომ აკონტროლეთ წასაკითხი გვერდების რაოდენობა და კითხვის დრო. წაახალისეთ, რომ გადაფურცლოს წიგნი, „თითი გააყოლოს“ ნაწერს, ვითომ კითხულობს; მოყვეს წიგნში გადმოცემული ამბავი. ეს კითხვის უნარის განვითარების საწყისი სტადიაა (დაწყებითი წიგნიერება); შეაქეთ, როდესაც საქმეს კარგად გააკეთებს, იქნება ეს კონსტრუქტორის აწყობა თუ ხელების დაბანა. შეაქეთ მოქმედების შესრულების ძალისხმევა და მცირე მცდელობაც კი. გამოთქვით იმედი და გამოხატეთ ოპტიმისტური განწყობა, რომ შედეგი მეტი მონდომებითა და გავარჯიშებით ყველაფერი უფრო უკეთესად გამოუვა. არ შეადაროთ სხვა ბავშვებს. მისი ამჟამინდელი შედეგი შეადარეთ წარსულ შედეგს და აღნიშნეთ გაუმჯობესება. ამით ბავშვს ოპტიმისტური განწყობა ჩამოუყალიბდება და წარმატებაზეც მეტად იქნება ორიენტირებული.წყარო: თბილისელები