როგორ ებრძოდა პრინცესა დაიანა მშობიარობის შემდგომ დეპრესიას? – ის, რაც ყველა ქალმა უნდა წაიკითხოს

232
როგორ ებრძოდა პრინცესა დაიანა მშობიარობის შემდგომ დეპრესიას

მშობიარობის შემდგომი დეპრესია საკმაოდ რთული პრობლემაა, რომელიც ხანგრძლივად გრძელდება. ეს არის მენტალური დარღვევა, რომელიც ახალბედა დედებს ემართებათ. ბევრმა არ იცის, მაგრამ ამ პრობლემას პრინცესა დაიანაც ებრძოდა მას შემდეგ, რაც პირველი შვილი, უილიამი გააჩინა. მას არ შეეძლო ვინმესთვის ეთქვა თავისი სტრესის, შფოთვის, დარდის შესახებ და ცდილობდა ყველაფერს მარტო გამკლავებოდა.

შვილის გაჩენიდან რამდენიმე წლის შემდეგ კი, მან ინტერვიუებში ისაუბრა იმის შესახებ, რომ მშობიარობის შემდეგ მძიმე ფსიქოლოგიური პრობლემების წინაშე აღმოჩნდა.

დაიანამ პრინცი უილიამი 1982 წელს გააჩინა და მაშინ მშობიარობის შემდგომი დეპრესია ის საკითხი იყო, რომლის შესახებაც საჯაროდ არავინ საუბრობდა. არათუ საჯაროდ, არც მეგობრებთან და არც ოჯახის წევრებთან არ განიხილავდნენ ამ თემას. პრინცესა დაიანა იმ უამრავ ქალს შორის იყო, რომლებიც პრობლემას მარტო, საკუთარი ძალებით უმკლავდებოდნენ. ყოველივეს შესახებ ლედი დიმ მხოლოდ რამდენიმე წლის შემდეგ გაამხილა ენდრიუ მორტონთან ინტერვიუში, რომელმაც დაწერა წიგნი „დაიანა: მისი ნამდვილი ამბავი“.

დაიანა ინტერვიუში საუბრობს იმაზე, თუ როგორ შეიცვალა მისი ცხოვრება შვილის გაჩენის შემდეგ. „მე ძალიან ცუდად ვიყავი“, – ამბობს ის. სწორედ მაშინ დადგა დრო, როცა ყველაზე უკეთ გააცნობიერა, რომ ის იყო ცოლი, დედა და საჯარო ფიგურა, ხალხისთვის პრინცესა. ამბობს, რომ მის თავში ყველაფერი არეული იყო და ყველაფერზე ძალიან დარდობდა.

„როცა ჩარლზი სახლში არ მოდიოდა, ან აგვიანდებოდა, პანიკაში ვვარდებოდი, ვფიქრობდი, რომ რაღაც ცუდი დაემართა, ვტიროდი, მაგრამ როცა მოვიდოდა, ის ვერაფერს ამჩნევდა, რადგანაც არაფერს ვაგრძნობინებდი და მშვიდად ვიჯექი“, – ამბობდა დაიანა.

ამ პრობლემაზე პრინცესა დაინამ კიდევ ერთ ინტერვიუში BBC-ის, ჟურნალისტ მარტინ ბაშირს, 1995 წელს ესაუბრა. „ჯერ კიდევ მაშინ, როცა ორსულად ვიყავი და უილიამი დაბადებული არ იყო, ვგრძნობდი, რომ მთელი ქვეყანა ისე მიყურებდა, როგორც მხოლოდ იმ ადამიანს, რომელსაც შვილი უნდა გაეჩინა, რომ სხვა ფუნქცია არ მქონდა“, – იხსენებდა პრინცესა.

მისი თქმით, ორსულობა ცხოვრებაში ძალიან რთული გამოცდილება იყო, მაგრამ ყველაფერი კიდევ უფრო გართულდა მაშ შემდეგ, რაც ბავშვი გააჩინა და მძიმე ფსიქოლოგიური პრობლემების წინაშე აღმოჩნდა.

„დილით უნდა ადგე მიუხედავად იმისა, რომ არ გინდა საწოლიდან წამოდგომა, ფიქრობ, რომ ვერავინ გიგებს, შენი არავის ესმის და საკუთარი თავის აღარ გჯერა. დეპრესია არასოდეს მქონია, ასეთი რამ პირველად მოხდა, ყველაფერი შეიცვალა, როგორც ჩემი სხეული, ასევე მთლიანად ცხოვრება“, – ამბობდა დაიანა.

მისივე თქმით, ყველაფერი განსაკუთრებით მძიმე იმიტომ იყო, რომ საერთოდ არ ჰქონდა დრო საკუთარი თავისთვის, არ ჰქონდა პირადი სივრცე და ასევე არ ჰქონდა სათანადო მხარდაჭერა ოჯახის წევრებისგან. დაიანა ამბობდა, რომ დეპრესიამ უარყოფითი გავლენა მოახდინა მის ოჯახურ ცხოვრებაზე.

გამუდმებით ვტიროდი, იმიტომ რომ მინდოდა უკეთესი ვყოფილიყავი, რომ გამეგრძელებინა ჩემი როგორც ცოლის, როგორც დედისა და როგორც უელსის პრინცესას ვალდებულებების შესრულება და მეშინოდა, რომ ფსიქოლოგიურ პრობლემებს ვერასოდეს დავძლევდი. ყველაფერი მტკიოდა“, – ამბობდა ლედი დი.

მიუხედავად ამ პრობლემებისა, დაიანა საჯარო სივრცეში ცდილობდა იდეალურად მოერგო დედის, ცოლისა და პრინცესას როლი. „როცა საჯარო სივრცეში ვჩნდებოდი, ადამიანებისგან დიდ სიყვარულსა და მხარდაჭერას ვგრძნობდი და მაშინ ვეუბნებოდი საკუთარ თავს, რომ არ მქონდა დანებების უფლება, ეს თითქოს ძალას მმატებდა“, – უთხრა დაიანამ BBC-ის.

რატომ არის მნიშვნელოვანი, რომ მშობიარობის შემდგომ პერიოდში არ დარჩეთ მარტო, რომ პრობლემებზე ვინმეს ესაუბროთ?

მშობიარობის შემდგომი დეპრესია, როგორც უკვე ვთქვით, მძიმე ფსიქოლოგიური მდგომარეობაა, რომელზეც ევროპის განვითარებულ ქვეყნებში დიდი ხანია ხმამაღლა საუბრობენ და მისი გადაჭრის გზებს ეძებენ. ეს ჩვეულებრივი ამბავია და არავის უკვირს, მაგრამ საქართველოში საკითხის შესახებ მსჯელობა, განხილვა სულ ახლახანს, ისიც მხოლოდ სოციალური ქსელების დონეზე დაიწყეს. არადა, ფსიქოლოგების თქმით, ეს ისეთი პრობლემაა, რომელმაც ადამიანი, შესაძლოა, თვითმკვლელობამდეც კი მიიყვანოს.

მშობიარობის შემდგომ დეპრესიას ბევრი სხვადასხვა ფაქტორი იწვევს. მათ შორისაა ჰორმონალური ბალანსის დარღვევა, სხეულის ფორმის შეცვლა და ა.შ. ბევრ ახალბედა დედას არ სძინავს სათანადოდ, არ აქვს დასვენებისთვის დრო, გვერდით არავინ ჰყავს, ვინც დაეხმარება. თანამედროვე ცხოვრებაში გვიწევს ბავშვზე ზრუნვას სამსახურიც შევუთავსოთ, რაც ურთულესი საქმეა და ხშირად ქალი მძიმე ფსიქოლოგიურ დარღვევამდე მიჰყავს.

ამიტომაც, აუცილებელია პროფესიონალების ჩარევა, პრობლემაზე ღიად და ხმამაღლა საუბარი, ფსიქოლოგიური თერაპია, მეგობრებისა და ოჯახის წევრების მხარდაჭერა.