რა სიმპტომები აქვს გრიპს და როგორ დავიცვათ მისგან თავი

376

გრიპი მძიმე დაავადებაა, რომელსაც იწვევს გრიპის ვირუსი. ვირუსი პატარა, თვალით უხილავი ნაწილაკია. იგი ვრცელდება მაშინ, როდესაც ავადმყოფი ახველებს, აცემინებს და საუბრობს.

ამ დროს ჰაერში იფანტება უწვრილესი წვეთები, რომლებზეც უამრავი ვირუსია. ჯანმრთელი ადამიანი შეისუნთქავს მათ და თვითონაც ავად ხდება. ავადმყოფობა ვლინდება ვირუსის ორგანიზმში მოხვედრიდან 2-3 დღეში. გრიპი იწყება უეცრად, მაღალი სიცხით (+38/+40). გრიპით დაავადებული ადამიანები თავს გრძნობენ ძალიან სუსტად, ისე, თითქოს დაღლილები არიან. ამცივნებთ და აკანკალებთ, ძლიერ ახველებთ. ხანდახან აცემინებთ. სტკივათ თავი, თვალები, სახსრები და კუნთები. ზოგჯერ აწუხებთ ყელის ტკივილიც, ეჭედებათ ცხვირი და ეწყებათ სურდო.

გრიპისგან თავის დაცვის ერთ-ერთი საუკეთესო გზა ვაქცინაციაა, ანუ აცრა. კარგი იქნება, თუ აცრას ოქტომბერში გავიკეთებთ, რადგან გრიპი ყველაზე ხშირია ნოემბრიდან აპრილამდე. ცივ და მშრალ ამინდში გრიპის ვირუსი ყველაზე დიდხანს ცოცხლობს. კიდევ როგორ შეიძლება დავიცვათ თავი გრიპისგან?

1. ხშირად უნდა დავიბანოთ ხელები საპნით, რათა ჩვენს კანზე მოხვედრილი გრიპის ვირუსი არ გადავიტანოთ თვალზე, ცხვირზე ან პირზე.

2.ხშირად გავანიავოთ ოთახები.

3. სველი ტილოთი ხშირად გავწმინდოთ იატაკი და ავეჯი.

4.მოვერიდოთ ავადმყოფებს. მათთან ყოფნისას გავიკეთოთ პირბადე.

5.პირბადე უნდა გვეკეთოს გრიპის გავრცელების დროს ხალხმრავალ ადგილებშიც (ტრანსპორტში, მაღაზიებში და სხვაგან).

6.გრიპიანი ავადმყოფი აუცილებლად უნდა დარჩეს სახლში. ასე გრიპი ნაკლებად გაურთულდება და სხვებსაც არ გადასდებს.