„ოქროსხელებიანი სონკა“ – ქურდების დედოფალი, რომელიც მამაკაცებს თავბრუს ახვევდა და ქურდავდა

642

XIX საუკუნის პეტერბურგში ყველაზე ცნობილი ავანტიურისტი, აფერისტი და ლეგენდარული ქურდი იყო… სიმპათიური ქალი, ოქროსხელებიანი სონკა. შეინდლია-სურა სოლომნიაკი ვარშავის მიყრუებულ დაბაში დაიბადა. მამამისი მოპარულის შემსყიდველი და გამავრცელებელი იყო. კონტრაბანდასაც ავრცელებდა. სხვათა შორის, პატარა სურა, მამასთან მოსულ გადამყიდველებსაც კი ქურდავდა. მისი უფროსი და ადგილობრივი მეძავი და წვრილ-წვრილი ქურდი იყო. ფეიგას სამი ოფიციალური ქმარი ჰყავდა. მაგრამ პატარა დამ ყველაფერში აჯობდა. მას მარტივად შეეძლო მამაკაცებისთვის თავბრუსდახვევა, მათი მოტყუება და გაძარცვა. მისი აფერისტული სქემა პოლიციისთვის ამოუხსნელი რჩებოდა. მისი ნიჭისა და ძლიერი სულის მამაკაცებს შურდათ კიდეც. ამასთანავე, სონკა ჭკვიანიც იყო (5 უცხო ენა იცოდა) და არტისტულიც. მოგზაურობის დროს თავს ხან ბარონესად ასაღებდა, ხან ვიკონტესად. 
ასეთია ქურდი ქალის ბედი…

მის ბავშვობაზე ცოტა რამაა ცნობილი. პატარა იყო, როცა დედა გარდაეცვალა და მამამ ახალი ცოლი მოიყვანა შინ. სოფია მუსიკის გაკვეთილებზე დადიოდა ადგილობრივ დიდგვაროვან ქალბატონთან. კლავიშებზე ლამაზ თითებს ისე დაასრიალებდა, რომ პედაგოგმა შესთავაზა მუსიკას გაჰყოლოდა და ოქროსხელებიანი სონკა შეარქვა. თავად ქალბატონი დაქვრივების შემდეგ დასთან, პეტერბურგში გადავიდა საცხოვრებლად და სოფიას დაჰპირდა, რომ თუ ის მასთან ჩავიდოდა, მასზე იზრუნებდა. როცა მამა გარდაეცვალა, პურის ფულის საშოვნელად ფეიგამ უმცროს დას მეძავობა შესთავაზა და შინ მდიდარი მამაკაცი მოუყვანა. დედინაცვალმა კი მდიდარი სასიძო უშოვა. 

პირველად შეინდლია 1864 წელს, 18 წლის ასაკში, გათხოვდა. ცოლად გაჰყვა მდიდარი ვაჭრის ვაჟს ისააკ როზენბანდს და ვარშავაში გადავიდა საცხოვრებლად. გოგონას სურა-რივკას გაჩენის შემდეგ ქალმა ქმარი გაქურდა (500 მანეთი გაიყოლა თან, რაც იმ პერიოდისთვის უზარმაზარი თანხა იყო), გაიქცა და შვილიც მას დაუტოვა. შემდეგ რამდენიმე ხანი საროსკიპოში “იმუშავა”, სადაც ფრანგული და გერმანული ენები და დახვეწილი მანერები შეისწავლა. მეორედ ბებერ, მაგრამ მდიდარ ებრაელს შელომ შკოლნიკს გაჰყვა, რომელიც ისე გაძარცვა, რომ მამაკაცს ვალები დაედო. მესამედ მიხეილ ბლიუვშტეინის ცოლი გახდა. მის გვარს სიცოცხლის ბოლომდე ატარებდა. თუმცა, მანამდე ხან სოფია (ეს სახელი თავად შეირქვა) რუბინშტეინი იყო, ხან სოფია შკოლნიკი და სოფია ბრენერი. სულ ოთხი შვილი ჰყავდა. ბოლო ორი ბლიუვშტეინისგან. 

დედა-მარჩენალი

მიხეილი ოდესელი ქურდი და კარტის მოთამაშე იყო. დაქორწინების შემდეგ წყვილს ორი შვილი ეყოლა. მათ ოჯახში ხან იმდენი ფული იყრიდა თავს, რომ ვერ ითვლიდნენ, ხან კიდევ ვალებს იღებდნენ. ქმარი ცოლის სცენარებით ჯიბგირობდა, მაგრამ ერთ დღესაც პოლიციამ დააკავა. შვილების გამოსაკვებად “ოჯახური ბიზნესი” დედამ გააგრძელა და ქურდულ გზას დადგა. მიუხედავად იმისა, რომ ტანით პატარა იყო – 153 სმ და არც ლამაზი ნაკვთები ჰქონდა, მამაკაცებს მაინც თავბრუს ახვევდა. ერთადერთი შემთხვევა, როცა პოლიციამ ფაქტზე დააკავა 1866 წლის 14 აპრილს მოხდა. სონკამ მატარებელში გაცნობილი იუნკერის ჩემოდანი მიითვისა, მაგრამ ჭაბუკს იმდენად შეაყვარა თავი, რომ აღიარებინა, თითქოს, თავად მას შეეშალა ჩემოდნები. პეტერბურგში ჩასული თავდაპირველად დამოუკიდებლად მოქმედებდა. შემდეგ ბანდა ჩამოაყალიბა, რომელშიც კანონიერი ქურდები გაწევრიანდნენ. თავად კი იმ პერიოდის პრესტიჟული კრიმინალური კლუბის “გულის ვალეტი” წევრი გახდა. 

“საქმეზე” მუდამ შენიღბული დადიოდა. პარიკი, დასაწებებელი წარბები, მკვეთრი მაკიაჟი, ფრანგული შლაპები და ძვირფასი ქურქები. ასე ელეგანტურად ჩაცმულმა სასტუმროების გაქურდვა დაიწყო. პოლიციელებმა საქმეს კოდური სახელი “გუტენ მორგენ” შეარქვეს. ქალი ნომერში შედიოდა და ძვირფასეულობას ეძებდა, თუ შეუსწრებდნენ, გაკვირვებას გაითამაშებდა, თითქოს ნომერი შეეშალა. მატარებლებში დიდგვაროვანს ან მდიდარ ქვრივს განასახიერებდა. მგზავრებს უშინაურდებოდა, ეკეკლუცებოდა და ჩაძინებულს ქურდავდა. თუ ადამიანს არ ეძინებოდა, ძილის წამალი მუდამ თან ჰქონდა. მატარებლიდან ყველაზე დიდი კუში ორჯერ მოხსნა. ერთხელ ციმბირელ ვაჭარს 300 ათასი რუბლი აწაპნა; მეორედ გენერალს – 213 ათასი. ოდესელ ბანკირს, კი რომელსაც სოფია სან-დონატოდ გაეცნო, “სასწარაფო საქმეების” გამო მატარებლით მოსკოვში დაემგზავრა. გვიანობამდე ისაუბრეს და დილით გაღვიძებულ მამაკაცს ჩანთში აღარც 43 ათასი რუბლი დახვდა და აღარც მნიშვნელოვაბი საბუთები. 

მდიდარს ართმევს, ღარიბს აძლევს

ერთხელ ღარიბი ბიჭი სიკვდილს გადაარჩინა. მას სახელმწიფოს თანხის – 500 მანეთის გაფლანგვა დააბრალეს, საბრალოს ისღა დარჩენოდა, სიცოცხლე თვითმკვლელობით დაესრულებინა. ერთხელ კი ორი შვილით დარჩენილ ქვრივს დაეხმარა, როცა ქალს უკანასკნელი ფული წაართვეს. არ ივიწყებდა სოფია საკუთარ შვილებსაც, რომლებსაც უცხო ადამიანები უზრდიდნენ. მათ მფარველებს რეგულარულად უგზავნიდა ფულს. 

მისი კრიმინალური ნიჭისთვის რუსეთი ღარიბი ქვეყანა გამოდგა და სოფია, ევროპას ესტუმრა. 

მდიდრული ცხოვრება

საზღვარგარეთ მდიდარ არისტოკრატებს თავი მოგზაურ ქვრივად გააცნო, რომელსაც ფული საკუთარი თავისთვის არასდროს ენანებოდა. მუდამ მდიდრულად ეცვა. ცნობილ კურორტებზე ისვენებდა. ძვირფას ბინებს ქირაობდა. ერთხელ ვენაში ჩასულმა მოპარული ნივთები დაალომბარდა, 15 ათასი აიღო და ერთ დღეში დახარჯა. “შავი დღისთვის” არაფერს ინახავდა, რასაც შოულობდა, საკუთარ სიამოვნებაში ხარჯავდა. აფერა ყველგან გასდიოდა, მხოლოდ ერთხელ, ბუდაპეშტში შეამჩნიეს და მისი ქცევა საეჭვოდ. თუმცა, ქალმა ყველა ნივთი მდიდრულ ბინაში დატოვა და გაუჩინარდა. ვენაში კი დააპატიმრეს და ნივთები კონფისკაციის წესით ჩამოართვეს. აქაც კი არ მოიშალა თავისი ზნე. საკუთარი ადვოკატი გაქურდა, ზედამხედველს კი თავი შეაყვარა და… ორ კვირაში ციხეს თავი დააღწია. 

იუველირების ქურდი

მისი ფოტოები რუსეთისა და ევროპის ყველა პოლიციაში იყო გამოკრული. მას ეძებდა ყველა. 1880 წლის 30 სექტემბერს პოლიციამ დააკავა. თავად სონკა კი არა, პოლიცია მისი საყვარლის კვალს მიჰყვა. ამჯერად ქალმა თავი 20 წლის ოდესელ აფერისტსა და ქურდს ვოლფ ბრომბეტს შეაყვარა. მამაკაცმა ქალს ოდესელი იუველირისგან ნაყიდი (ლანჟერონში სახლის ნახევარი გადაუფორმა) ლურჯი ალმასის კოლიე მიართვა. საღამო კოლიე იუველირს დაუბრუნა. დამწუხრებულმა უთხრა, რომ სამკაული მის სატრფოს არ მოეწონა. ფული დაიბრუნა და გაუჩინარდა. როცა იუველირმა აფერა აღმოაჩინა, პოლიციას მიმართა, მათ მამაკაცი მალევე დაიჭირს, ვოლფმა კი სოფია “ჩაუშვა”, რომ ქვაც მან მისცა და სცენარიც მან მოიგონა. ქალი დააპატიმრეს და ირკუტსკის გუბერნიაში გადაასახლეს, საიდანაც ქალი გაიქცა, ისევ ძარცვავდა იუველირებს, ბანკირებს, მეწარმეებს. მის ხმაურიან საქმეებზე მთელი რუსეთი ალაპარაკდა. 

სოფიას “სპეციალურიი აღჭურვილობა” ჰქონდა. მაგალითად, გრძელი ფრჩხილები, რომლის ქვეშაც ძვირფას ქვებს მალავდა, კაბა იმგვარად ჰქონდა შეკერილი, რომ ძვირფასი ქსოვილის მთელი ნაჭერი შეეძლო დაემალა. ქუსლიან ფეხსაცმელში კი სპეციალური სამალავი ჰქონდა. 
ერთ დღეს იუველირ კარლ ფონ მელიას მდიდრულად ჩაცმული მანდილოსანი ეწვია. თავი ცნობილი ფსიქიატრის მეუღლედ გააცნო, 30 ათასის ღირებულების ბრილიანტის სამკაულები შეარჩია, ჩეკი გამოწერა და საღამოს გასანაღდებლად შინ დაიბარა. როცა იუველირი ფულის მისაღებად ფსიქიატრს აღნიშნულ მისამართზე ეწვია, კარი ფსიქიატრის ცოლმა გაუღო, როცა მამაკაცმა ფული და უფრო მეტიც, “ნამდვილ ცოლთან” შეხვედრა მოინდომა, სანიტრებმა გაკოჭეს და სამკურნალოდ კლინიკაში გადაიყვანეს, როცა სიმართლე გაირკვა, სონკა უკვე შორს იყო. 

ერთ დღეს საიუველირო მაღაზიას ბარონესა სოფია ბუკსგევდი ეწვია, მამასთან, ჩვილთან და ბავშვის ძიძასთან ერთად. ქალბატონმა 22 ათასი რუბლის სამკაული იყიდა, მაგრამ “ბავშვის გადამკიდეს, სიჩქარეში საფულე ალბათ შინ “დარჩა”. სოფია სამკაულებით მაღაზიიდან გავიდა და გაუჩინარდა. მისი მხლებლები კი, “ფულის გაკეთების მსურველი” დაქირავებული მსახიობები აღმოჩნდნენ, რომლებმაც ნათესავები და ძიძა განასახიერეს. 

დასასრულის დასაწყისი

1885 წელი სოფიას ცხოვრებაში გარდამტეხი აღმოჩნდა. თითქოს იღბალმა ზურგი აქცია. რამდენიმე საიუველიროს გაძარცვის შემდეგ ქალი დაიჭირეს და სახალინში გადაასახლეს. სამწლიანი კატორღა მიუსაჯეს. იქიდანაც კი სამჯერ სცადა გაპარვა. ერთხელ მასზე შეყვარებული უნტერ-ოფიცერი დაეხმარა. სახალინზე ქალებს თავისუფლად გადაადგილების ნება ჰქონდათ. იქ კანონიერი ქურდი ბლოხა (“რწყილი”) გაიცნო და მასთან ერთად გაქცევია დაგეგმა. სოფია ჯარისკაცად გადაცმული კონვოი იყო, ბლოხა – ტუსაღი. პირველი მამაკაცი დაიჭირეს, მერე სონკა, 40 მათრახი გადასხეს და პირველი პატიმარი ქალი იყო, რომელსაც ხელ-ფეხი ჯაჭვებით დაუბეს. აღმოჩნდა, რომ ქალი ფეხმძიმედ იყო და ნაყოფი დაკარგა. მესამედ გაქცევის მცდელობის შემდეგ მარტო გამოკეტეს საკანში და არც მათრახს აკლებდნენ. მას სტუმრობდნენ მოგზაურები, რეპორტიორები, მწერლები. ერთხელ ანტონ ჩეხოვიც კი ესტუმრა. არტისტიზმი სოფიას აქაც გამოადგა. მნახველებს მხატვრულად უყვებოდა საკუთარ თავგადასავლებს. 

სოფიამ ვერ გაუძლო პატიმრობის მკაცრ წესებს და 45 წლის ასაკში გარდაიცვალა. ეს ერთ-ერთი ვერსიით. მეორე ვერსიით, ქალმა თავისუფლების მოპოვება შეძლო, ის ოდესაში დაბრუნდა და თავის საქმიანობას აგრძელებდა. ეს ჭორი იმ ფაქტმაც ააგორა, რომ სოფიასნაირი თაღლითი გამოჩნდა. მისი ხელწერა იყო თუ მისი ასლი არავინ იცის. ფაქტია, რომ შეინდლია-სურა სოლომნიაკი მართლა ოქროსხელებიანი აღმოჩნდა თავის საქმეში. მის ცხოვრებაზე მრავალსერიიანი ფილმია გადაღებული. 

საინტერესოა, ის ფაქტი, რომ სახალინზე გარდაცვლილი ქალი, რატომღაც მოსკოვის ცენტრში, პრესტიჟულ სასაფლაოზე აღმოჩნდა დაკრძალული. მისი სასაფლაო ცალკე “მოვლენაა”. აქ მუდმივად აწყვია ცოცხალი ყვავილები, მარმარილოს ქანდაკებაზე კი მილიონოთ მინაწერია ზოგი “ქურდების დედას” საქმეში დახმარებას სთხოვს, ზოგი კი ბანდის სახელით მოკითხვას უთვლის…