ნამდვილი ამბავი საოცარი დასასრულით: მიუსაფარ მამაკაცს მალე ბინა ექნება

349

გოგონას დანაკარგის პოვნის არანაირი იმედი არ ჰქონდა და ამიტომ არც კი მოუკითხავს ჩანთა. მეგობრებმა კი შეატყობინეს, რომ ვიღაც მამაკაცი ეძებდა, რათა დაკარგული ნივთები დაებრუნებინა.

შემთხვევა დიდ ბრიტანეთში მოხდა, ქალაქ ბოლტონში.
შინ დაბრუნებულმა, 20 წლის დეიზი ოუენმა აღმოაჩინა, რომ ბარში ხელჩანთა დარჩენოდა, რომელშიც 300 გირვანქა სტერლინგისა (დაახლოებით 1000 ლარი) და iPhone-ს გარდა, საბუთებიც ელაგა.
დეიზის დანაკარგის პოვნის არანაირი იმედი არ ჰქონდა და ამიტომ არცკი მოუკითხავს ჩანთა. წარმოიდგინეთ, რაოდენ დიდი იყო მისი გაოცება, როდესაც მეგობრებმა შეატყობინეს, რომ ვიღაც მამაკაცი ეძებდა, რათა დაკარგული ნივთები დაებრუნებინა.
პოლ კალდერბანკი დეიზი ოუენის ჩანთით ხელში

FB / Daisy Owen

პოლ კალდერბანკი დეიზი ოუენის ჩანთით ხელში
როგორც აღმოჩნდა, ეს მამაკაცი უსახლკარო პოლ კალდერბანკი იყო, რომელიც მთელი ორი დღე თავგამოდებით ცდილობდა დეიზის პოვნას.
მიუხედავად შეჭირვებული მდგომარეობისა, პოლს აზრადაც არ მოსვლია, მიეთვისებინა სხვისი ნივთები:
„მე პატიოსანი ადამიანი ვარ. უბრალოდ მინდოდა, დამებრუნებინა ამ გოგონასთვის თავისი ნივთები. რა თქმა უნდა, ძალიან ფრთხილად ვიქცეოდი, იმიტომ რომ ყველა, ვინც კი გამოვკითხე, მყის ან ჩანთის „პატრონი“ ხდებოდა და ან პატრონის უახლოესი მეგობარი. თუმცა მაინც მოვახერხე იმ ხალხის მოძებნა, ვინც ნამდვილ პატრონს იცნობდა და მათი დახმარებით მივაწვდინე ხმა“.
დეიზი შოკირებული იყო პოლ კალდერბანკის საქციელით, რომელმაც მცდელობა არ დააკლო, რომ მისთვის დაკარგული ნივთები გადაეცა და თანაც სანაცვლოდ არაფერი მოუთხოვია.

FB/ Daisy Owen

ასეთი მაღალი მორალური სტანდარტით აღფრთოვანებულმა გოგონამ გადაწყვიტა, რამენაირად გადაეხადა მადლობა უსახლკარო ადამიანისთვის და ინტერნეტით ონლაინ-კამპანია წამოიწყო. ამ კამპანიის მიზანი პოლისთვის გარკვეული თანხის შეგროვება იყო, რათა მას ცოტა ხნით მაინც არ ეზრუნა საკვებისა და თავშესაფრის შოვნაზე და სამსახური მოეძებნა.
ინტერნეტმომხმარებლები ნამდვილად არ დარჩენილან გულგრილნი ამ საოცარი ადამიანის მიმართ და ორიოდე დღეში პოლისთვის დაახლოებით 2 000 გირვანქა სტერლინგი (დაახლოებით 7 000 ლარი) შეგროვდა. მაგრამ დეიზი გაჩერებას არ აპირებს. გოგონამ ახალი კამპანია წამოიწყო.

„კარგი ადამიანები ქუჩაში არ უნდა ცხოვრობდნენ. სწორედ ამისთვის არსებობს სიკეთე. ჩვენ ვალდებულები ვართ, ადამიანობა გამოვიჩინოთ და დავეხმაროთ ერთმანეთს“ — ამბობს დეიზი.

მას მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი, იმდენი თანხა მოაგროვოს უწესიერესი უსახლკაროსთვის, რომ… ბინა აჩუქოს!
დეიზის დიდი იმედი აქვს, რომ ამას აუცილებლად შეძლებს, მით უმეტეს, რომ პოლის პატიოსნების ამბავი მსოფლიოს ბევრი ქვეყნის მედიის ყურადღების ცენტრში მოექცა.