მარსის უახლეს ფოტოზე ყინულით სავსე უზარმაზარი კრატერი ჩანს

300

ერთი შეხედვით შეიძლება თოვლი გეგონოთ, მაგრამ წითელ პლანეტაზე მდებარე კრატერი კოროლევი სინამდვილეში ყინულითაა სავსე. ევროპულმა კოსმოსურმა სააგენტომ მარს ექსპრესის მიერ გადაღებული ფოტოები ცოტა ხნის წინ გაავრცელა.

80-კილომეტრიანი კრატერი, რომელსაც სახელი სერგეი კოროლევის, საბჭოთა კოსმოსური ტექნოლოგიების მამის მიხედვით ეწოდა, მთელი წლის განმავლობაში გაყინულია. ყინულის სისქე 1800 მეტრს აღწევს.

თანამგზავრი მარს ექსპრესი ევროპულმა კოსმოსურმა სააგენტომ 15 წლის წინ გაუშვა და ის უმეტესად პლანეტის პოლარულ რეგიონებს იღებს. კრატერის შთამბეჭდავი სურათი მაღალი გარჩევადობის კამერით გადაღებული ხუთი ფოტოს შეერთებითაა მიღებული.

როგორც კოსმოსური სააგენტო აცხადებს, კოროლევის კრატერის ყველაზე ღრმა წერტილები სიცივისთვის ერთგვარი ხაფანგის როლს ასრულებს. ყინულის ზემოთ მოძრავი ჰაერი ცივდება და დაბლა ეშვება, რაც კრატერის ყინულოვან ზედაპირთან ცივი ჰაერის ფენას ქმნის. სწორედ ეს იცავს კრატერში მოთავსებულ ყინულს დნობისა და აორთქლებისგან.

თუ ადამიანები მარსზე დასახლდებიან, ეს რეგიონი უმნიშვნელოვანეს ტერიტორიად იქცევა. დეფიციტური წყლის პირობებში პოლარულ რეგიონსა და მასთან მდებარე ყინულის ხუფებს სტრატეგიული დანიშნულება მიენიჭებათ.

რაც შეეხება სხვა სიახლეებს მარსიდან: წარმატებით დაშვების შემდეგ InSight-ის მისიამ კიდევ ერთი საფრთხილო ეტაპი გადალახა და სეისმომეტრი დანიშნულების ადგილას მოათავსა. ეს პირველი შემთხვევაა, როცა სეისმომეტრით სხვა პლანეტას ვაკვირდებით.

“InSight-ის გეგმები იმაზე უკეთ მიდის, ვიდრე ვიმედოვნებდით”, – ამბობს პროექტის მენეჯერი ტომ ჰოფმანი, – “მოწყობლობის უსაფრთხოდ განთავსება არაჩვეულებრივი საშობაო საჩუქრია”.

სეისმომეტრის ამოქმედების შემდეგ მარსის ვიბრაციებისა და მიწისქვეშა ტალღების შესახებ ამომწურავი ინფორმაცია გვექნება.