ილონ მასკმა მიწისქვეშა სატრანსპორტო გვირაბის პირველი პროტოტიპი წარადგინა

137

ილონ მასკი უკვე დიდი ხანია ლოს-ანჯელესის ქვეშ ტუნელების გაყვანაზე საუბრობს, რომლებმაც სატრანსპორტო სფეროში არსებული პრობლემები უნდა გადაჭრას. ჯერჯერობით, მიწისქვეშა გზების სისტემა არ გვაქვს, თუმცა სამშაბათს მასკის კომპანიამ საზოგადოებას ჰაუტორნის ერთ-ერთი ქუჩის ქვეშ 1.80-კილომეტრიანი გვირაბი წარუდგინა, რომელში გადაადგილებაც ტესლას მოდიფიცირებული Model X-ით შეიძლება.

ეს Boring Company-ს სამომავლო გვირაბების პროტოტიპია, რომელიც დაახლოებით 10 მილიონი დოლარი დაჯდა. გვირაბის ერთი შესასვლელი SpaceX-ის მფლობელობაში მყოფ საპარკინგე სივრცეშია, მეორე კი დაახლოებით ორი კილომეტრის დაშორებით არსებულ უბანში.

სამშაბათს გამართულ პრეზენტაციაზე მასკმა განაცხადა, რომ Boring Company-ს გვირაბები გადატვირთული მოძრაობისა და საცობების პრობლემის გადაწყვეტის რეალური გზაა. მისი აზრით, ქალაქების სატრანსპორტო სისტემებში გვირაბების ინტეგრაცია გადაადგილებას უფრო მარტივს და სწრაფს გახდის.

Boring Company-მ ჟურნალისტებს საშუალება მისცა, რომ სადემონსტრაციო გვირაბში ტესლას გადაკეთებული Model X-ით ემგზავრათ, საათში დაახლოებით 80 კილომეტრის სიჩქარით. სადემონსტრაციო მგზავრობისთვის ინჟინრებმა Model X-ის წინა ორ საბურავს სპეციალური მოწყობილობები დაუმაგრეს, რომლის საშუალებითაც მანქანა გვირაბში სპეციალურ ბილიკს მიჰყვებოდა. ეს იმისთვის არის აუცილებელი, რომ ავტომობილი შემთხვევით გზის კედლებს არ შეეჯახოს.

მოწყობილობა, რომელიც მანქანას ბილიკიდან გადახვევის საშუალებას არ აძლევს
მოწყობილობა, რომელიც მანქანას ბილიკიდან გადახვევის საშუალებას არ აძლევსფოტო: The Boring Company

“თუ მძღოლს ჩაეძინება, ან ავარიის მოწყობას გადაწყვეტს, საბურავებზე მიმაგრებული მოწყობილობა მას ამის საშუალებას არ მისცემს”, – აცხადებს მასკი.

გვირაბს დასრულებამდე ჯერ კიდევ ბევრი აკლია. გზის ზედაპირი ჯერჯერობით უსწორმასწოროა და Model X-ის საბურავების მარეგულირებელი მოწყობილობაც გზის საზღვრებს ხშირად ეჯახებოდა.

მასკი მაღალი სიჩქარის სატრანსპორტო გვირაბებზე ხშირად საუბრობს. ივნისში Boring Company-მ ქალაქ ჩიკაგოსთან გააფორმა ხელშეკრულება, რომლის ფარგლებშიც უნდა აშენდეს გვირაბი, რომელიც ქალაქის ბიზნეს ცენტრს აეროპორტთან დააკავშირებს.

ხელშეკრულების გაფორმებისას, მასკმა განაცხადა, რომ პროექტის შესასრულებლად დაახლოებით სამი წელი იქნებოდა საჭირო. თუმცა, პროექტის სისრულეში მოსაყვანად მთავრობის ნებართვაა საჭირო, რომელიც გაცემული კვლავ არ არის.

გვირაბის დასასრული წითლად არის განათებული
გვირაბის დასასრული წითლად არის განათებულიფოტო: The Boring Company

“მე ძალიან გამიკვირდება, თუ ჩიკაგოს ქვეშ გვირაბი ახლო მომავალში აშენდება”, – აცხადებს ფოსტერ ფინლი, რომელიც საკონსულტაციო კომპანიის, AlixPartner-ის სატრანსპორტო დეპარტამენტის თანახელმძღვანელია. ფინლის თქმით, გვირაბების გაყვანისას ინჟინრები უამრავ დაბრკოლებას აწყდებიან, რომელთა შორისაც არის ელექტროენერგიის, წყლისა და ბუნებრივი აირის მილები, პირადი ქონების უფლებები და სხვა.

“ჩიკაგოს ცენტრიდან აეროპორტამდე დაკიდული მატარებლის გაყვანა ბევრად უფრო ეფექტური და მარტივი იქნებოდა”, – აცხადებს ფინლი.

თუმცა, მასკი უპირატესობას მიწისქვეშა გვირაბებს ანიჭებს და თვლის, რომ ეს სატრანსპორტო პრობლემების გადაწყვეტის ყველაზე ეფექტური საშუალებაა.

მგზავრობის ვიდეო ქვემოთ მოცემულ ტვიტში შეგიძლიათ ნახოთ.