გამოკვებე პლასტმასის ბოთლის ჩაგდებით უპატრონო ძაღლი — თბილისში ახალი აპარატები გამოჩნდა

152

თბილისის სამ წერტილში უპატრონო ძაღლებისთვის განკუთვნილი კვების აპარატები განთავსდა. ესენია: რიყის პარკი, ვერის ბაღი და ვეტერანთა კულტურისა და დასვენების (კიკვიძის) პარკი.

მერიის განცხადებით, ძაღლების კვების აპარატები დედაქალაქის მასშტაბით სხვადასხვა ტერიტორიაზე განთავსდება.

კვების აპარატები ეკომეგობრულია, გადამუშავების პროცესს უწყობს ხელს და მზის ენერგიას იყენებს. მათი მოხმარება მარტივია.

კვების აპარატებში პლასტმასის 0,5 ლიტრიანი ბოთლის ჩაგდების შემთხვევაში, ძაღლებისთვის საკვები ჩამოიყრება, ხოლო დისპენსერში წყლის ჩასხმის შემდეგ, ცხოველები წყურვილს მოიკლავენ.

თბილისის მერის, კახა კალაძის თქმით, აპარატები უკვე დატესტილია. 2019 წლის იანვარში, ქალაქს კიდევ სამი ასეთი აპარატი დაემატება.

კვების აპარატთან ერთად, რიყის პარკში უპატრონო ძაღლებისთვის ხის სახლიც დაიდგა. ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო, პირველ ეტაპზე, თბილისის ქუჩებში ცხოველებისთვის 10 ხის სახლს დადგამს.