აღმოჩენილია გველის ახალი სახეობა, რომელსაც კბენა პირის გაღების გარეშე შეუძლია

125
აღმოჩენილია გველის ახალი სახეობა, რომელსაც კბენა პირის გაღების გარეშე შეუძლია
აღმოჩენილია გველის ახალი სახეობა, რომელსაც კბენა პირის გაღების გარეშე შეუძლია

აფრიკაში, გვინეისა და ლიბერიის მარადმწვანე ტყეებში, მეცნიერებმა გველის ახალი სახეობა აღმოაჩინეს, რომელსაც შხამიანი კბილებით კბენა პირის გაღების გარეშე შეუძლია.

ეს უნარი მხოლოდ ე. წ. სტილეტ-გველებს (Atractaspidinae) აქვთ, რომლებსაც გრძელი ეშვებით კბენა პირის ღრუს კუთხეებიდან შეუძლიათ.

ამ გველებს საკმაოდ შორი მანძილიდან შეუძლიათ უცაბედი თავდასხმა. ექსპერტთა თქმით, მათთან ურთიერთობისას, ჰერპეტოლოგებსაც კი განსაკუთრებული სიფრთხილე მართებთ.

როცა მკვლევრებმა ღამით აქტიური ეს სახეობა პირველად ნახეს ლიბერიის მარადმწვანე ტყეების ბნელ ფერდობებზე, მისი დაჭერა ტრადიციული გზით, თავის უკან ხელის მოკიდებით სცადეს.

იდეა არც თუ ისე კარგი აღმოჩნდა. გველი მთელი ძალით, ყველანაირად ცდილობდა შემობრუნებას და თავდასხმას.

მისი შხამი ადამიანისთვის სასიკვდილო არ არის, მაგრამ სახიფათო ნამდვილად არის.

სტილეტი გველების შხამი ციტოტოქსიკურია (აზიანებს უჯრედებს), იწვევს მწვავე ტკივილს, შესიებას, წყლულების წარმოქმნას და ზოგჯერ ქსოვილთა დაზიანებასაც. შხამის საწინააღმდეგო შრატის გარეშე, მსხვერპლმა შესაძლოა, ნაკბენი თითიც დაკარგოს.

გველის კიდევ ორი ინდივიდი მკვლევართა ჯგუფმა სამხრეთ-აღმოსავლეთ გვინეაში, ყავისა და ბანანის პლანტაციებში იპოვა, ერთმანეთისგან 27 კილომეტრის მოშორებით.

ახალ სახეობას Atractaspis branchi უწოდეს, ანუ სტილეტი-გველების შტო. ამჟამად ცნობილია ამ გველთა 21 სხვა სახეობა. უმეტესი მათგანი გავრცელებულია სუბსაჰარულ აფრიკაში.

მკვლევართა აზრით, ახლად აღმოჩენილი სახეობა სინამდვილეში სამხრეთ-აღმოსავლეთ გვინეისა და ჩრდილო-დასავლეთ ლიბერიის ტროპიკული ტყეების ენდემია. ამ რეგიონს ბოლო წლებში განსაკუთრებული ზიანი ადგება ტყეების ჩეხვით, სოფლის მეურნეობით, სამთო მოპოვებითი საქმიანობითა და რა თქმა უნდა, კლიმატის ცვლილებით.

აღმოჩენა მიუთითებს, რომ ეს რეგიონი წარმოადგენს მდიდარი და ენდემური ბიომრავალფეროვნების ცენტრს, რომელიც სამწუხაროდ, მრავალი საფრთხის წინაშე დგას.

ამ ეტაპზე უცნობია, რამდენად ემუქრება საფრთხე გველების ამ სახეობას, რადგან მათ შესახებ დეტალური მონაცემები ჯერ არ არსებობს.

კვლევა ჟურნალ Zoosystematics and Evolution-ში გამოქვეყნდა.

მომზადებულია ScienceDaily-სა და ScienceAlert-ის მიხედვით.