ანიმაციური ფილმების დადებითი და უარყოფითი გავლენები ბავშვებზე

528

მულტფილმები პატარების ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. უკვე 1 საუკუნეზე მეტია, რაც თაობები ანიმაციურ ფილმებზე იზრდებიან და საყვარელ პერსონაჟებთან ერთად დისნეის, გიბლის, პიქსარისა თუ სხვა ჯადოსნურ სამყაროებში მოგზაურობენ.

როგორც აღმოჩნდა, ამ ყოველივეს ბავშვთა განვითარებისათვის პოზიტიურთან ერთად, ნეგატიური გავლენაც შესაძლოა ჰქონდეს. ამ სტატიაში სწორედ ანიმაციური ფილმების დადებით და უარყოფით მხარეებზე ვისაუბრებთ. ასევე, გაგიზიარებთ რჩევებს იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ გავუმკლავდეთ მოსალოდნელ სირთულეებს:

რა თქმა უნდა, კარგით უნდა დავიწყოთ!

1. შემეცნებითი მხარე

მულტფილმები პატარების ცხოვრებაში ძალიან ადრეული ეტაპიდან ჩნდება და, რა თქმა უნდა, მათთვის ერთგვარ შემეცნებით პროცესადაც კი იქცევა. სწორედ ამ გზით უმარტივდებათ ბავშვებს ფერების, ფორმებისა თუ ციფრების შესწავლა. უფრო მოზრდილ ასაკში კი ისინი ეცნობიან სხვადასხვა ქვეყნის კულტურას, ცხოველთა სამყაროს, მითოლოგიას და ა.შ.

2. კოგნიტური განვითარება

ანიმაციების ყურება ანვითარებს ისეთ კოგნიტურ უნარებს, როგორებიცაა მუშაობა, ხანგრძლივი მეხსიერება, სტაბილური და სელექციური ყურადღება, ლოგიკა, მსჯელობა და ა.შ.

3. მეტყველება

ალბათ, ხშირად გაიგებდით, რომ ბავშვებმა ესა თუ ის ენა მულტფილმების საშუალებით ისწავლეს. ეს მართლაც ასეა – ისინი მშობლიურთან ერთად, ხშირად უცხო ენებზეც კი თავისუფლად მეტყველებენ, რაც ნამდვილად ანიმაციური ფილმების დამსახურებაა!

4. წარმოსახვის უნარი

ანიმაციური ფილმები ბავშვების წარმოსახვასა და შემოქმედებითობასაც ძალიან ზრდის! შეიძლება ითქვას, რომ სწორედ ეს არის მათი ინსპირაციის წყარო, საიდანაც მათ ახალი იდეებისა და ისტორიების აღმოჩენის საშუალება ეძლევათ.

5. სიცილი და კარგი განწყობა

უმეტეს შემთხვევაში, ანიმატორები ცდილობენ, რომ მულტფილმები ბავშვებისათვის გასაგები და სახალისო იყოს. გახსოვდეთ, რომ მათი გულწრფელი სიცილი ამცირებს სტრესის დონეს, ხელს უწყობს ბედნიერების ჰორმონის გამოყოფას და აძლიერებს იმუნურ სისტემას!

რაც შეეხება უარყოფით მხარეებს:

1. ძალადობის წახალისება

ანიმაციური პერსონაჟები, ხშირად, ერთმანეთს ფიზიკურად უპირისპირდებიან. მაგალითად, გავიხსენოთ ტომი და ჯერი, რომლებიც უამრავ ხრიკს იგონებენ ერთმანეთის დასამარცხებლად. ამ ყოველივემ, შესაძლოა, ბავშვებში მიმბაძველობის სურვილი გააჩინოს და მულტფილმში ნანახის რეალობაში გადმოტანით ერთმანეთს მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენონ.

2. უწმაწური სიტყვები

თანამედროვე ანიმაციებში უამრავ ასეთ მაგალითს შეხვდებით, როდესაც პერსონაჟები “არასაბავშვო” ლექსიკას იყენებენ. ჩვენ კი, კარგად ვიცით, რომ პატარები ღრუბელივით ისრუტავენ ყოველგვარ ინფორმაციას და დიდი ალბათობით მსგავსი სიტყვების გამოყენებასაც დაიწყებენ.

3. არასოციალური ქცევა

გარდა იმისა, რომ არასწორმა მესიჯებმა, შესაძლოა, ბავშვის ქცევა შეცვალოს, მნიშვნელოვანია ის ფაქტორიც, რომ ხშირად პატარები ძალიან დიდ დროს უთმობენ ანიმაციურ ფილმებს და საერთოდ აღარ უჩნდებათ სოციალიზაციის სურვილი, რაც თანატოლებთან თამაშსა და გართობაში გამოიხატება.

4. ჯანმრთელობის პრობლემები

ეკრანთან გატარებულმა ბევრმა საათმა, შესაძლოა, ბავშვებში არაერთი ჯანმრთელობის პრობლემა გამოიწვიოს. უმეტეს შემთხვევებში, ეს დაკავშირებულია გაუარესებულ მხედველობასთან, კვების რეჟიმის რღვევასთან და არასწორი ჯდომით ხერხემლის გამრუდებასთან.

5. ცუდი როლური მოდელები

ბავშვები ხშირად აიდეალებენ ანიმაციურ პერსონაჟებს, თუმცა, ზოგიერთ შემთხვევაში ეს პერსონაჟები საფრთხის შემცველნი არიან, რადგან საეჭვო ღირებულებები და ჩვევები აქვთ, რომლის კოპირებაც პატარებისათვის ზიანის მომტანია.

რა თქმა უნდა, ისმის კითხვა, თუ როგორ ავირიდოთ თავიდან ეს უარყოფითი ფაქტორები?

1. უყურეთ ანიმაციებს თქვენს შვილებთან ერთად

ეს საშუალებას მოგცემთ ჩართული იყოთ პროცესში, იცოდეთ თუ რა მოსწონს მას და, შესაბამისად, უკეთ გაიცნოთ საკუთარი პატარა! ამასთანავე, ყოველთვის ზუსტად გეცოდინებათ, თუ რას უყურებს ის და საჭიროების შემთხვევაში მისცემთ მას სწორ მიმართულებას.

2. აკონტროლეთ დრო

დღეში 1 საათი სრულიად საკმარისია ეკრანთან გასატარებლად. უმჯობესი იქნება თუ ბავშვები მეტ თავისუფალ დროს თანატოლებთან ან ფიზიკურ აქტივობებში დახარჯავენ.

3. აუხსენით განსხვავება ანიმაციასა და რეალობას შორის

ასწავლეთ პატარებს, რომ ის რაც ანიმაციებში ხდება, რეალურ ცხოვრებაში ყოველთვის არ მუშაობს. აუხსენით მათ, თუ რა არის საზიანო და რა არა. განსაკუთრებით, გაამახვილეთ ყურადღება ძალადობის შემცველ კადრებზე, რომელთაც მულტფილმების პერსონაჟები, როგორც წესი, თავს უმტკივნეულოდ აღწევენ.

4. შეარჩიეთ შემეცნებითი ანიმაციები

Discovery-ს, National Geographic-ის, Animal Planet-ისა და მსგავსი არხების მიერ მომზადებული მასალა ბავშვებისათვის სახალისოსთან ერთად, საინტერესოც იქნება. ხელი შეუწყვეთ მათ განათლებას რეალური აქტივობებითაც – მაგალითად, თუ ისინი გატაცებით უყურებენ მუტლფილმებს ცხოველთა სამყაროს შესახებ, აუცილებლად წაიყვანეთ ზოოპარკში.

5. გამოიყენეთ მონიტორინგისა და ფილტრის აპლიკაციები

დღესდღეობით, ინტერნეტში ბავშვებისათვის უამრავი არასასურველი ინფორმაციაა, რომლის გასაკონტროლებლადაც მშობლებმა აუცილებლად უნდა გამოიყენონ შესაბამისი აპლიკაციები. ნუ დატოვებთ პატარას ტელეფონით ხელში მარტო – აუცილებლად ადევნეთ თვალი იმას, თუ რას უყურებს და დაიცავით ზედმეტი ინფორმაციისაგან.